დავით ჭიჭინაძე - ხალხი როგორც ხელისუფლებამ გადააგდო, როცა პროპორციული გააუქმა, ოპოზიციაც ისე აგდებს, გერმანულ მოდელს რომ ითხოვს
დავით ჭიჭინაძე - ხალხი როგორც ხელისუფლებამ გადააგდო, როცა პროპორციული გააუქმა, ოპოზიციაც ისე აგდებს, გერმანულ მოდელს რომ ითხოვს

ხალხი როგორც ხელისუფლებამ გადააგდო, როცა პროპორციული გააუქმა, ოპოზიციაც ისე აგდებს, გერმანულ მოდელს რომ ითხოვს, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„მე ასე მგონია, რადგან ხალხმა პროპორციული სისტემა მოითხოვა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ წავიდა ოპოზიცია იმ მიმართულებით, რომ აქცენტირება პროპორციულ სისტემაზე გაეკეთებინა და გერმანული მოდელის შეთავაზებით ხდება თუ არა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ახსნის ლეგიტიმაცია, რომ პროპორციული სისტემა მაჟორიტარებმა გააპროტესტეს და მათ ძალა აქვთ, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მოდელი 20 ივნისის შემდეგ შეიცვალა და არავის აქვს უფლება, 20 ივნისს მოპოვებული უფლებები შეცვალოს. 

„მოდელი 20 ივნისის შემდეგ შეიცვალა და არავის აქვს უფლება, 20 ივნისს მოპოვებული უფლებები შეცვალოს, ან ერთმა მხარემ, ან მეორემ და ხალხს გამოუცხადონ, რომ კომპრომისს მიაღწიეს. იმ ხალხს ჰკითხეს, ვინც სისხლი დაღვარა? იმათ აწყობთ ეს მოდელები? აქ არის პრობლემა. ისე გამოდის, რომ ერთი ძალაც და მეორეც საკუთარი თავის დაბინავებაზე ფიქრობს და არა იმაზე, ეს ყველაფერი რამ განაპირობა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რაზე მორიგდება „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათ შორის განსხვავება აღარ არის, ისინი ერთნი არიან და ახლა იმას ცდილობენ, ვის მეტი მანდატი ექნება.

„ტენდერები ნახეთ, ერთი და იგივე კომპანიებია. ვინც მაშინ მუშაობდა, ახლაც ის მუშაობს და ფულის გაყოფა ისევ იმ წრეში ხდება. ახალი ფულიანი ამ ქვეყანაში არ გაჩენილა და პირიქით, ახალი ღარიბები გაჩდნენ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, კრიზისს ვერ უშველის და არ განმუხტავს საარჩევნო სისტემა და ერთმანეთთან გარიგება-მორიგება.

„ყოველთვის მოიძებნება ძალა, რომელიც ხალხის გვერდით დადგება და ამ ყველაფერს საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.