დავით ჭიჭინაძე - იმედია, ჩვენი კოლეგები არ თვლიან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პოლიტიკური თვალსაზრისით ვუპირისპირდებით
დავით ჭიჭინაძე - იმედია, ჩვენი კოლეგები არ თვლიან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პოლიტიკური თვალსაზრისით ვუპირისპირდებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეეცდება, რომ მმართველმა გუნდმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო არ დაძლიოს.

როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუცხადა, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გააჩნია და თანაგუნდელების მოსაზრებას ვერ გაიზიარებს.

„ჩემს პოზიციაზე დავრჩები და შევეცდები, ვეტო არ იყოს დაძლეული. როცა კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა, მაშინ იმედი გამოვთქვი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. ჩემთვის ლოგიკური იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ვეტო დაედო. გია ვოლსკი და სოფო კილაძე კანონპროექტს მხარს უჭერდნენ და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მათ თავიანთი შეხედულებები ჰქონდეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის არსებობა ქვეყნისთვის დამაზიანებელია და თავისუფალი ბაზრის პრინციპების დარღვევაა, რასაც ჩვენი გუნდი დღემდე ნერგავდა და ვიმედოვნებ, რომ ამის დანერგვას გააგრძელებს”, – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

დეპუტატი საკითხის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ჯანსაღ პროცესად აფასებს.

„ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. დარგობრივი კომიტეტი მაშინაც წინააღმდეგი იყო და იმედია, ჩვენი კოლეგები არ თვლიან, რომ ამ კანონპროექტის პოლიტიკური თვალსაზრისით ვუპირისპირდებით. პატარა ბავშვები არ ვართ, რომ განაწყენებული ვიყოთ. ჩვენი აზრი გაგვაჩნია და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკის მომხრე ვართ, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა ნაკლები უნდა იყოს და განსაკუთრებული სასათბურე პირობები არავის არ უნდა ჰქონდეს. ამ ცვლილებებით ეს პირობა ირღვევა. შესყიდვების ნაწილზე პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ ცალ-ცალკე ხომ არ ეყრება კენჭი. ძირითადი მიზანი იყო, რომ კომერციული რეკლამა არ ჰქონოდათ, რადგან ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მატერიალური კუთხით სიკეთეს არ მოუტანს, მაგრამ სხვა ტელევიზიებს დააზიანებს”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო.