დავით ჭიჭინაძე - ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ
დავით ჭიჭინაძე - ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ

ეტყობა, ჩვენმა პრემიერმა სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებსა და პრემიერის შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიიყვანენ ახალ სტაჟიორად.

„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არასერიოზული პროცესი ქვეყანაში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პრემიერის კანდიდატურაზე ვსაუბრობთ და მე მას საერთოდ სტაჟიორს ვეძახი. არის ასეთი თანამდებობები, სამინისტროებში სტუდენტებს  სტაჟიორად იღებენ, თუ ისწავლა და მოეწონათ სამსახურში ტოვებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა პრემიერმა ეტყობა, ეს სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოიყვანენ ახალ სტაჟიორად“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება, დეპუტატი მიიჩნევს, რომ სერიოზულად არც გახარიას აღიქვამენ და არც მამუკა ბახტაძეს.

„ვინ უნდა განიხილონ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჰყავს კი ვინმე „ქართულ ოცნებას“? რა განსხვავებაა, ყველანი უკვე კოლექტიური არიან, ერთი სახე აქვთ. ჩვენ ვიცით, რომ იქ მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვის რა თანამდებობა ექნება, მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ვის წყალობს. გავლენები არა თანამდებობით, არამედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით არის. ასე რომ, აქედან გამომდინარე, არ მგონია, გახარიას ნაკლები წყალობა ჰქონოდა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ვიდრე პრემიერის, სხვაგან გამოსაჩენად არც გახარიას აღიქვამს ვინმე სერიოზულად და არც ბახტაძეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის შეფასებით, დეპუტატი ოთარ დანელია, რომელზეც ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერად განიხილება, გონიერი ადამიანია და მსგავს წინადადებას არ დათანხმდება.

„ვფიქრობ, ოთარი საკმაოდ გონიერი ადამიანია ახალგაზრდაა. მას კარგი გამოცდილებაც აქვს და არ მგონია, დათანხმდეს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობა, როდესაც შეიძლება, ქვეყანა დღეს-ხვალ წაიქცეს, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არც ეკონომიკური პოლიტიკა არსებობს და რა მოთხოვნა არის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, კლანური მმართველობა არის ჩვეულებრივი, არ მგონია, დანელია რომელიმე კლანის მმართველობისთვის ოცნებობდეს, მთელი ცხოვრება რომ ვიღაცას ემსახუროს. ვიცნობ ოთარს, საკმაოდ კარგად ვიცი ამ ადამიანის პოტენციალი. შეუძლია, ქვეყანას საკმაოდ წარმატებით ემსახუროს, მას ეს ამბიციაც გააჩნია.  აქედან გამომდინარე, არ მგონია, დათანხმდეს ამ მდგომარეობაში ასეთ მეორეხარისხოვან როლს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.