დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც კობა გვენეტაძე გვარწმუნებს, „მილევადი პროცესები ყოფილა“
დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც კობა გვენეტაძე გვარწმუნებს, „მილევადი პროცესები ყოფილა“

ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც კობა გვენეტაძე გვარწმუნებს, „მილევადი პროცესები ყოფილა“, – ამის შესახებ მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ იყო ბანკთაშორისი ბირჟა, საქართველოში ვალუტა იყო სტაბილური და პროგნოზირებადი, ხოლო როგორც კი გაჩნდა ბლუმბერგი, იმის შემდეგ დაიწყო რყევები და არასტაბილური კურსი.

„ანუ დღეს ბლუმბერგზე ვაჭრობენ და ამ ვაჭრობაში ბანკები არასოდეს წაგებული არ არიან. მათი შემოსავალი კი, ასეთი სავალუტო ოპერაციებით, წელიწადში რამდენიმე ასეული მილიონია. გამოდის, რომ ბანკები ამით უფრო მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე პირდაპირი საქმიანობით.

ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაკრედიტებას თუ განვასხვავებთ ერთმანეთისგან, ყველაზე დიდი წილი მოგება ბანკებისთვის მოდის სავალუტო ოპერაციებზე, ჯარიმებსა და მომსახურების გადასახადებზე და არა პრაქტიკულად ბანკის ოპერაციებზე, რომელიც წესით მეტი შემოსავალი უნდა იყოს. ამიტომ ვაცხადებ, რომ ბანკების მოგებების შემადგენელი ნაწილიც ყოველთვის სპეკულაციურია.

მაგალითისთვის: თუ გვეზრდება ლარის კურსი და მოსახლეობა ხელფასს იღებს ლარში, კრედიტები კი, აღებულია დოლარში, ე.ი. დასახარჯად ფული არ რჩება. თანხები ყოფნის კრედიტის მოსამსახურებლად და რაღაც ელემენტარულის შესაძენად. შედეგად მოსახლეობა ღარიბდება და ეკონომიკაც არ იზრდება. გამოსავალი – ნახევარპროცენტიანი ბრუნვის გადასახადიც რომ დაწესდეს დოლარზე, კომერციულ ბანკებს დღეში ხუთჯერ ყიდვა-გაყიდვისა და კურსის თამაშის სურვილი ნამდვილად დაეკარგებათ. ლარის გაუფასურების სპეკულაციური ფაქტორიც მოისპობა“, – აცხადებს ჭიჭინაძე.

ინფორმაციას მოძრაობა „სახალხო ტრიბუნის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი