დავით ჭიჭინაძე - აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს ენის მისატანად არ შევხვედრივარ
დავით ჭიჭინაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა, კრისტი მორდჰოსტმა შეხვედრაზე, საათნახევრის განმავლობაში პარტიიდან გარიცხვასა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს, ამის შესახებ ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, აინტერესებდათ პარტიიდან ასეთი რეაქციის მიზეზი. არაფერი ახალი არ მითქვამს, რაც არის მიზეზი, თქვენც მოგეხსენებათ. ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ჩემთვის მიუღებელია სხვაზე ხელის შეხოცვა, თუ ხარ პოლიტიკაში, შენც უნდა იყო პასუხისმგებელი ყველა იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ქვეყანაში ხდება”, -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს დეპუტატის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„პირდაპირ გეტყვით, ენატანიაობა ნამდვილად არ ყოფილა, ჯერ გარიცხვაც შემდგარი ფაქტი არ არის და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ საუბარიც ზედმეტია. ნამდვილად არ მოვსულვარ, რომ ვიღაცას შევჩივლო მჩაგრავენ მეთქი, უბრალოდ ვუთხარი, რომ არის ასეთი ფაქტი, ასეთი მოცემულობა, მიმდინარეობს კონსულტაციები და შემდეგ მოვლენებსაც გაიგებენ, როგორც ეს ნაბიჯი გაიგეს”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
დეპუტატის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათ შორის ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ მოცემულობაზე, ასევე საუბარი შეეხო „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატსაც.
„ამ თემაზე მათაც ჰქონდათ ვარაუდი, მაგრამ მე არც მათთვის მქონდა პასუხი და არც თქვენთვის მაქვს”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, ინფორმაციას არ ფლობს, შეხვდნენ თუ არა ამ თემაზე სასაუბროდ საელჩოს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წევრებს.
„არ ვიცი ნამდვილად, მე ვერც მათი მეგზური ვიქნები, ვისთან უნდა მივიდნენ საკითხავად და ვერც მაგ საკითხში მრჩეველი. ვფიქრობ პირიქით, ისინი გვიწევენ ხოლმე მეგზურობასაც და მრჩეველობასაც“,-განაცხადა მან.
ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, მიმართოს პარტიის პოლიტსაბჭოს, განიხილონ მისი პარტიაში აღდგენის საკითხი.
„პარტიიდან გარიცხვა არის ჯერ ინიციატივა, არ არის შემდგარი ფაქტი და პრინციპში ექვემდებარება გასაჩივრებას. არც მათთვის მითქვამს გადაჭრით, ვერც თქვენ გეტყვით, გამოვიყენებ თუ არა გასაჩივრების უფლებას. ზოგადად, უბრძოლველად არაფრის დათმობა არ ღირს, განსაკუთრებით ისეთი ღირებულის როგორიც არის „ქართული ოცნება”, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებს თუ არა სამდივნოს გადაწყვეტილებას, არ აპირებს „ქართული ოცნების“, როგორც ღირებულების დათმობას.
„ეს ქართული ოცნება შედგება ორი კომპონენტისგან, ქართველი ხალხისგან და ბიძინა ივანიშვილისგან, დანარჩენი ამ კომპონენტს ვერავინ შეცვლის. ჩვენ ბევრი ვნახეთ შუაში, ვისაც უნდოდა, მოეხდინა იდენტიფიცირება, რომ ის არის „ქართული ოცნება“, მაგრამ ვერ შეძლო. ხალხი ენდობა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილი ენდობა და ეყრდნობა ხალხს”,-აცხადებს ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ჰქონია, შეხვედრილი კი სულ ორჯერ არის, ისიც უმრავლესობის სხდომებზე.