დავით ჩეჩელაშვილი - ჩვენი სტრატეგია საქართველოში ე.წ. უნიქორნი კომპანიის აღმოჩენაა
დავით ჩეჩელაშვილი - ჩვენი სტრატეგია საქართველოში ე.წ. უნიქორნი კომპანიის აღმოჩენაა

საქართველოს ამერიკულ აქსელერატორ კომპანია „500 სტარტაპსთან“ თანამშრომლობის სტრატეგია ქვეყანაში ე.წ. უნიქორნი კომპანიის აღმოჩენა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების სერვისების კოორდინატორმა, დავით ჩეჩელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ტექნოლოგიურ სფეროში მოქმედი ერთ-ერთი გლობალური ლიდერი აქსელერატორის კომპანიის „500 Startups“-ის საქართველოში შემოსვლა და ქართული ტექნოლოგიური სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ „500 Startups“ გლობალურ დონეზე ცნობილი აქსელერატორების სამეულში შედის და მისი შემოსვლა ქვეყნის მიმართ ისეთი ნდობის ნიშანია, რასაც შესაძლებელია სამეულის დანარჩენი წევრების შემოსვლაც მოჰყვეს.

„მსოფლიოში თავისუფალი ბაზარია და ამ კომპანიის შემოსვლა იმის მანიშნებელია, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, „ტექსტარსიც“ და სხვა დიდი აქსლერატორები მალე შემოვლენ იმის გამო, რომ „500 Startups“ შემოდის. მათი ლოგიკა ასეთია – არ დაგვასწროს. საქმე ისაა, რომ 500 Startups-ის სტრატეგიაა კომპანიაში ფულის საწყის ეტაპზე ჩადოს და „ტექსტარსი“ უფრო გვიან დებს. ლოგიკურია, რომ „ტექსტარსი“ შემდეგი იყოს“, – განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, ვახო ვახტანგიშვილის განმარტებით, შესაძლებელია „500 Startups“-ის შემოსვლას საქართველოში ტალანტების მოზიდვა რეგიონის მასშტაბითაც მოჰყვეს.

„აქ მხოლოდ საქართველო არ იგულისხმება, არამედ მთელი რეგიონი. უბრალოდ აუცილებელია, რომ თუ გუნდები საქართველოში რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოვლენ, მათ აქ უნდა დააფუძნონ კომპანია და ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც ამ კომპანიების მთავარი განძია, ქართული კომპანიის ბალანსზე უნდა გადმოიტანონ. ეს მხოლოდ ქართული ტალანტის გაღვივებას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ რეგიონში არსებული ტალანტების აქ მოზიდვას“, – განაცხადა ვახტანგიშვილმა.

დისკუსიის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკულ ვეჩურულ ფონდთან თანამშრომლობისას ქართული მხარის სტრატეგია ე.წ. უნიქორნის შექმნა იქნება.

„ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და არ ვიცით, რომელი დარგი იქნება ძლიერი საქართველოში . ამ ეტაპზე ქვეყნისთვის პრიორიტეტი პირველი უნიქორნის აღმოჩენა უნდა იყოს, რადგან როგორც ისტორიულად ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, პირველი უნიქორნი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი წარმატება რომ იქნება, იქიდან უკვე სოკოებივით გამოდიან სხვები. გამოცდილებას რომ შეიძენენ, ისინიც უნიქორნები ხდებიან. ჩვენ ბევრ კომპანიაში ჩავდებთ ფულს იმისთვის, რომ ერთი უნიქორნი მაინც მივიღოთ – ეს არის სტრატეგია. ბევრ მცირე ბიზნესს არ მოაქვს ისეთი სარგებელი, როგორც უნიქორნიდან გამოდის, რადგან მცირე ბიზნესები მალე კვდებიან“, – განუცხადა დავით ჩეჩელაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.