დავით ბერიაშვილი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს
დავით ბერიაშვილი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს

დავით ბერიშვილი, რომელიც დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს „ალგეთის“ ბაზაზე გადიოდა, პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. სამხედრო ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე სამხედროს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე პირველი არხი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ახალგაზრდა დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსს გადიოდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მეთაური ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს.

მათივე ცნობით, მომხდარზე სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

„როგორც მეთაური აცხადებს, არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ის კარანტინში იმყოფებოდა 10 დეკემბრიდან და დისციპლინარული დარღვევის გამო მოხდა მისი დათხოვნა საბრძოლო მომზადების კურსიდან.

რაც შეეხება დაზიანებებს, რაზეც თავად საუბრობს, სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება 387-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზები და თუკი გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- განაცხადეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

დავით ბერიშვილი სასწრაფო დახმარებამ „ევექსის“ რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო კვლეევები ჩაუტარდა.

ექიმ ეკა გონაშვილის თქმით, პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აქვს, თუმცა კომპიუტერული კვლევის შედეგად, ექიმის ინფორმაციით, წინასწარი დიაგნოზია ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ტრავმული დაჟეჟილობა.

„პაციენტი შემოსვლისას უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუს ხვევას, ღებინების შეგრძნებას, ტკივილის მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მარჯვენა ქვედა კიდურის ჯოჭ-წვივის არეში. სუბიექტური ჩივილებიდან გამომდინარე, პაციენტი კონსულტირებული იქნა ნეიროქირურგის მიერ, ჩაუტარდა თავისტვინის კატე კვლევა, გულ-მკერდის რენდგენოგრაფია, კოჭ-წვივის რენდგენოგრფიული კვლევა, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა. ტრავმული დაზიანებები არ გამოვლინდა. თუმცა ჩატარებული კომპიუტერული კვლევით გამოვლინდა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შესაბამისად პაციენტის წინასწარი დიაგნოზი არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, რბილი ქსოვილების ტრავმული დაჟეჟილობა“,- განაცხადა ექიმმა.

სამხედრო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოში მონიტორინგის ქვეშ დარჩება. ასევე კლინიკაში ჯარისკაცის გამოსაკითხად იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.