დავით ბერძენიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

კინოთეატრ „ამირანთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა ბერძენიშვილს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რომელთაც მან მშიშარა უწოდა. ბერძენიშვილის თქმით, აქციაზე ზოგიერთი ადამიანი გულწრფელი ემოციით არის მისული, ზოგიც ზონდერია და მათი მეთაური „სანდრო ბრეგაძე რუსულ დაკვეთას ასრულებს“. აღნიშნულ დიალოგს დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, კინოთეატრთან მივიდა, რათა გამოეხატა სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ,  ვისაც ფილმის ნახვა სურს.

„სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა. ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოდით, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, დავილაპარაკოთ, მაშინ ძალიან კურდღლები არიან. მთავარია ის, რომ  ესაა ხელოვნება, ადამიანებს აქვთ უფლება, ნახონ ფილმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში  მოიწონეს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებმა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.

ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.