დავით ბერძენიშვილი - საუკეთესოა პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი, ბლოკებისთვის სამი პროცენტი
დავით ბერძენიშვილი - საუკეთესოა პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი, ბლოკებისთვის სამი პროცენტი

საუკეთესოა პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი, ბლოკებისთვის სამი პროცენტი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიულ ღონისძიებებზე მისვლას არ ფიქრობს. რაც შეეხება თანამშრომლობას, როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.

„მოგვიწევს ხელისუფლებას და ოპოზიციას თანამშრომლობა, რადგან ჩვენი პროექტიც არის პროპორციული და ვალდებულება აქვს პარლამენტს, რომ შექმნას საერთო სახალხო განხილვისთვის კომისია. ასევე ვალდებულება არის უკვე, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროპორციულ სისტემაზე კომისიის შექმნა. ერთობლივი კომისია უნდა შეიქმნას, სადაც როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის, ექსპერტების წარმომადგენლები იქნებიან. ძირითადად საკითხში არის სრული თანხვედრა, რომ 150-ვე პროპორციული სისტემით აირჩეს. სხვაობაა, რომ ჩვენთან არის სამ პროცენტიანი ბარიერი და ბლოკი, იქ არ არის ბარიერი. ბუნებრივი ბარიერია 0.67 და არ არის ბლოკები. უკეთესი იქნება, რომ დიალოგის გზით შევთანხმდეთ. არსებობს ვერსიები, მაგალითად ჰოლანდიაში არის ბუნებრივი ბარიერი და ბლოკებისთვის 3%. არის დაახლოების შესაძლებლობები, ან ამ ან სხვა ტიპის, მაგრამ მთავარი და არსებითი მინდა ვთქვა, ბლოკებს აკრძალავენ და ფაქტობრივ ბლოკებს მიიღებენ, ამის ინსტრუმენტები ჩვენ გვაქვს. უბარიერო სისტემა კარგი სისტემაა და არაფერი პრობლემები მე ამასთან არ მაქვს. ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაღაცა სათავისოდ გამოიყენოს, ნაღმები ჩადოს, არ მოგვითხოვია უბარიერო და თავად შემოგვთავაზეს. ე.ი. გონია რომ მოიგებს ხო?! ეს მგონი, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. მთავარი და არსებითი არის, იყოს ისეთი სისტემა, რომ ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ იყოს ქვეყნის მომავალი ხელისუფალი. საარჩევნო სისტემა მიღებული ხმების ადეკვატური უნდა იყოს. მიიღე 40%? გექნება 40% და არა 80, როგორც ახლაა. არსებულ ვითარებაში ყველა კარგია. მე მგონია, საუკეთესოა პარტიებისთვის ბუნებრივი ბარიერი, ბლოკებისთვის 3%“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

20 ოპოზიციური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, მათი კანონპროექტის დარეგისტრირებას და წარმომადგენლობითი საერთო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 3-პროცენტიანი ბარიერით.