დავით ბერძენიშვილი - პროპორციული სისტემა არის მთავარი კომპონენტი არჩევნებში, ვადამდელი იქნება ეს თუ ვადიანი
დავით ბერძენიშვილი - პროპორციული სისტემა არის მთავარი კომპონენტი არჩევნებში, ვადამდელი იქნება ეს თუ ვადიანი

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ის „ქართული ოცნების” ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოთხოვნით  თავად 200 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

„მოთხოვნებში არის პოლიტიკური ნაწილი, არის საკადრო ნაწილი. კონცეპტუალურ პოლიტიკურ ნაწილში ხელისუფლება ვაიძულეთ, ეთქვა „პროპორციული საარჩევნო სისტემა”. დაიწყეს ინიცირება. თავად გვაქვს ინიცირებული პროპორციულ საარჩევნო სისტემის მოთხოვნით 200 000-ზე მეტი ხელმოწერით და ახლა ეს ინიციატივები ერთმანეთს შეხვდება პარლამენტში.

შესაქმნელია საკონსტიტუციო კომისია და განსახილველია საკითხები, სადაც რაღაცაში არის სხვაობა; ბლოკებთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობის საგანი, მაგრამ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ამ საზოგადოების დამსახურება”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ „პროპორციული საარჩევნო სისტემა არის მთავარი კომპონენტი არჩევნებში, ვადამდელი იქნება ეს თუ ვადიანი”.

„პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები თუ ჩატარდება იმაზე რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ოქტომბერია, ეს იქნება უკეთესი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.