დავით ბერძენიშვილი - მაქვს განცდა, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებები ისეთი იქნება, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ მათთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის
დავით ბერძენიშვილი - მაქვს განცდა, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებები ისეთი იქნება, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ მათთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის

მაქვს განცდა, რომ გრიგოლ ვაშაძისა და წამყვანი პოლიტიკური ფიგურების გადაწყვეტილებები ისეთი იქნება, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ მათთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ არ აპირებსარჩევნების შედეგების აღიარებას და ამომრჩევლებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

როგორც დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „რესპუბლიკელები“ პარტნიორობენ და მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას. ბერძენიშვილს იმედი აქვს, ვაშაძის პოზიცია ხლაც ისეთი იქნება, როგორიც წინასაარჩევნოდ.

„რევოლუცია იწვევს ზიზღს, ეს გრიგოლ ვაშაძის სიტყვებია“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება გრიგოლ ვაშაძის პოზიციას აქვს. ამასთან, ბუნებრივია, კონტაქტები გვაქვს მის წარმდგენ პოლიტიკურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის პარტნიორ პარტიებთან, გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ისინი გადაწყვეტენ, რა განვითარება მოჰყვება ამ ყველაფერს.

ჩემი დაკვირვებით, პოლიტიკის დღის წესრიგს ვერავინ ვერავის განუსაზღვრავს. პოლიტიკის დღის წესრიგს, ჩემი მოლოდინით, გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ დარაზმული პოლიტიკური ძალები განსაზღვრავენ. „რესპუბლიკელები“ პარტნიორები ვართ და მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რომელიც იმედი მაქვს, ისეთი იქნება, რაც მას წინასაარჩევნოდ გამოცხადებული აქვს. რევოლუცია იწვევს ზიზღს – ეს გრიგოლ ვაშაძის სიტყვებია.

ჩვენ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როცა გრიგოლ ვაშაძისა და მისი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას გავიგებთ. დღეს მარჩიელობას აზრი არ აქვს. ძალიან იმედიანად ვარ. მაქვს განცდა და ჩემი პოლიტიკური გამოცდილებაც ამისკენ მიბიძგებს, რომ გრიგოლ ვაშაძისა და წამყვანი პოლიტიკური ფიგურების გადაწყვეტილებები ისეთი იქნება, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ მათთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.