დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა
დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა

ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა, – წერს „ფეისბუქში“ „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

„5 ივლისს ქაშუეთთან კონტრაქციის დაანონსებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, ფაქტიურად ღიად განაცხადა:

რაკი რამდენიმე ასეული აგრესიული მოძალადის მეტი ვერ გამოიყვანეს ფალავანდიშვილმა და სხვებმა, რაკი დასავლეთმა უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისი პრაიდს, რაკი ხელისუფლებამ ამჯერად არ მიუშვა მოძალადეები დემონსტრანტების დასარბევად და ა.შ, საპატრიარქო თავად გამოვიდა დღეს ასპარეზზე, როგორც მთავარი დაპირისპირებული, რუსული მხარე.

ილია მეორემ, მისმა თანამესაყდრე შიომ და ბევრმა სხვა იერარქმა, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, ეტყობა, მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან – მოსინჯონ საქართველოს ხელისუფლების დაშინება/ მოთვინიერება, ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, თითქოს ეს ჩეკისტური, უვიცი და მომხვეჭელი, რუსების ბრძანების შემსრულებელი ყანდურების ორგანიზაცია

არის ერის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი და ეროვნული ღირსების დამცველი.

ასევე, საპატრიარქოს აქვს ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილის შიშნარევი მორჩილების იმედიც.

ხელისუფლებასთან და მთლიანად პოლიტიკასთან შეზრდილი ანტიდასავლური საპატრიარქოს მხილების და დასჯის დროა.

თანამედროვე დასავლეთს ემუქრება ჩამოძონძილი, დროს და რეალობას აცდენილი, პროგრესის მტერი ეგზარქოსი და მისი ამალა.

ღირსეულ საზოგადოებას თქვენი არ ეშინია. არც იმდენი ხართ, როგორც ბაქიბუქობთ. ხაფანგი დაიგეთ და თქვენვე გაებმებით მასში.

ყველა პარტია და პოლიტიკოსი, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ვინც აყვება ობერ-პროკურორ კირილეს ადგილობრივ ეგზარქოს ილიას ამ აგრესიულ, ანტიდასავლურ მოწოდებასა და ქმედებაში, იქნება დაუნდობლად შეფასებული და, დარწმუნებული ვარ, დამარცხებული, დანარცხებულიც.

ილია მეორე, შიო და სხვები მიდიან საქართველოს მოქალაქეების ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ.

პრაიდი მათთვის საბაბია.

არ გაგატანინებთ, არ ჩაგატოვებინებთ საქართველოს რუსულ ბნელ და აგრესიულ ბუნაგში“, – წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“. „5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.