დავით ბაქრაძემ თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა
დავით ბაქრაძემ თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე საარჩევნო შტაბი გახსნა.

საარჩევნო შტაბს ელენე ხოშტარია უხელმძღვანელებს.

დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეებს სწორედ ამ საარჩევნო შტაბში შეეძლებათ მოსვლა და საკუთარ პრობლემებზე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან, ასევე შტაბის წევრებთან საუბარი.

„ჩვენ ვატარებთ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, მოვიდეს და შეხვდეს პრეზიდენტობის კანდიდატს. ჩემი ამოცანაა, ვიყო ხალხის პრეზიდენტი, ვიყო ყველა იმ ადამიანის პრეზიდენტი, ვისაც უნდა შეხვედრა, საუბარი და პრობლემების გადაწყვეტა. ამიტომ ჩვენი გეგმა იყო, რომ თბილისის ცენტრში გაგვეხსნა შტაბი, სადაც თითოეულ ადამიანს, ვისაც ინტერესი და სურვილი აქვს, ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს აქ. ჩვენს შტაბში ყოველთვის ნახავს იმ ადამიანებს, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტაში დაუდგებიან გვერდით. მე ვიქნები ამომრჩევლის გვერდით და მათი პრობლემების გვერდით. ჩვენი ამოცანა იყო, ჩვენი მოსახლეობისთვის დაგვენახებინა, რომ თბილისის ცენტრში, ძალიან ადვილად მისაგნებ ადგილას არსებობს შტაბი და პრეზიდენტობის კანდიდატი არ ნიშნავს კაბინეტში ჩაკეტილ ადამიანს, არამედ ნიშნავს ადამაინს, რომელიც ხელმისაწვდომ ადგილას არის მზად, უპასუხოს ამომრჩეველთა კითხვებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.