დავით ბაქრაძე - ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ სამ დღეში დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა, წავიყვანოთ საქართველო წინ, გარდამტეხი ცვლილებებისკენ
დავით ბაქრაძე - ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ სამ დღეში დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა, წავიყვანოთ საქართველო წინ, გარდამტეხი ცვლილებებისკენ

„ევროპული საქართველო“ თბილისში, ვარდების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. სხვა ლიდერებთან ერთად, შეკრებილებს სიტყვით მიმართა დავით ბაქრაძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ არჩევნებზე, შემოხაზონ საარჩევნო ნომერი 2 და აირჩიონ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები.

„მოგესალმებით თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იბრძვით უკეთესი საქართველოსთვის, ვინ დღეს აქ მოხვედით, რათა ყველამ ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ უკეთესი საქართველოს მშენებლობაში, ყველამ ერთად მოვახერხოთ ის, რომ სამ დღეში დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა, უპერსპექტივობა და უკუსვლა, დავამარცხოთ სიბნელე, წავიყვანოთ საქართველო წინ, გარდამტეხი ცვლილებებისკენ.

ამ ქვეყანაში ხალხს აღარ უნდა ის, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, აღარ უნდა გაჭირვება და სიღარიბე, უიმედობა, მუდმივი დაზაფვრა და პრობლემები ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და „ევროპული საქართველო“ ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს. მეგობრებო, 31 ოქტომბერი არ არის რიგითი დღე, ეს არის გადამწყვეტი არჩევანის დღე, როცა წყდება არა პოლიტიკოსების, ხალხის ბედი და ქვეყნის მომავალი. ყველა უნდა მოვიდეთ და ავირჩიოთ წინსვლა, გარდამტეხი ცვლილებები და უკეთესობა, რასაც „ევროპული საქართველო“ გთავაზობთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა, თუ რას გულისხმობს „ევროპული საქართველოს“ გარდამტეხი ცვლილებები.

„ჩვენი გარდამტეხი ცვლილებებია უმუშევრობის დამარცხება და 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, გადასახადების შემცირება და გაძვირებული ფასების პირობებში თითოეული ოჯახისთვის წლიურად 2 000 ლარის დაზოგვა, დახმარება ყველაზე გაჭირვებული ნაწილის და პენსიის, სოციალური დახმარების, დევნილთა, შშმ პირთა დახმარების გაორმაგება, მთავრობისთვის ქონების ჩამორთმევა და დღეს მთავრობაში არსებული ქონების ხალხის განკარგვაში გადაცემა.

ჩვენი ცვლილებების ნაწილია ამ ქვეყანაში კრიმინალის საბოლოოდ დამარცხება ისე, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების ხარჯზე. ქვეყანაში აუცილებელია თავისუფალი სასამართლო და ადამიანის უფლებების დაცვა. „ევროპული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც არ ედრება არც აწმყოს და არც წარსულს, მომავალი უნდა იყოს აწმყოზე უკეთესი, უნდა იყოს წარსულზე უკეთესი, კარგი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დატოვე კომენტარი