დავით ბაქრაძე - წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კონგრესმენების მხრიდან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მაღალი ინტერესი იყო
დავით ბაქრაძე - წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, კონგრესმენების მხრიდან შიდა პოლიტიკურ საკითხებზე მაღალი ინტერესი იყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმენები შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებითაც დაინტერესდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაზე რადენიმე მთავარი თემა განიხილეს.

„ტრადიციული თემები, სადაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ კონგრესის მხარდაჭერას, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ნატო-ში გაწევრიანება. ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დოკუმენტი მიიღო. განსხვავებით წინა შეხვედრებისგან, კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მათი განცხადებით, დემოკრატიის საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები, რომელსაც შედეგად შეიძლება, მოჰყვეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამიტომ ტრადიციულ თემებთან ერთად, როგორც არის ჩვენი უსაფრთხოება და ნატო, დღეს განსაკუთრებული ყურადღება, მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც დაეთმო სწორედ შიდა საკითხებს, დემოკრატიას, არჩევნებისთვის მზადებას და პერსპექტივას, თუ რა შეიძლება და როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2020 წელს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ყველა მეგობარს ესმის, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის აუცილებელია, არჩევნების შედეგი ხალხის განწყობას ასახავდეს.

„ყველა ჩვენს მეგობარს ესმის, რომ საქართველო სტაბილურობისთვის აუცილებელია, არჩევნების შედეგი ასახავდეს ხალხის განწყობას და არჩევნები, რომელსაც ხელისუფლება მოიგებს ადმინისტრაციული რესურსით, მოსყიდვით, დაშინებით ან არასწორი სისტემით, ვერასდროს გახდება ქვეყანაში სტაბილურობის გარანტია. ამიტომ არიან ჩვენი მეგობრები დაინტერესებული, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და დემოკრატიულ არჩევნებს ჰყავდეს გამარჯვებული ის, ვისაც მხარს უჭერს ხალხი“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისი შეფასებით, სწორედ ამას ეწოდება დემოკრატიაში ხელისუფლების გადაბარება ხალხის ნების შესაბამისად.

„ამაზე კონგრესმენების და ბოლო პერიოდში ჩამოსული ყველა დელეგაციის მხრიდან ძალიან ღიად არის საუბარი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტიდან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობს. დელეგაცია დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. ასევე კონგრესმენები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შეხვდნენ.