დავით ბაქრაძე - ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები აღიარებაა იმ წვლილისა, რაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს
დავით ბაქრაძე - ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები აღიარებაა იმ წვლილისა, რაც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს

ის, რომ საქართველო წარმოდგენილია ნატო-ს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დღის წესრიგში, არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით, ასევე, როგორც დაფასება, იმ მნიშვნელოვანი წვლილისა, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

​მისი თქმით, ნატო-ს 70 წლისთავთან დაკავშირებით, ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველო აქტიურად არის წარმოდგენილი. ამ კონტექსტში ელჩმა დადებითი შეფასება მისცა კონგრესში ნატო-ს თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს, ასევე, ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის შეხვედრებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობები, რომ საქართველოს მისწრაფება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისა გააჟღეროს ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან მაღალი დონით წარმოდგენილ კონფერენციაზე. ამასთანავე, ღონისძიებები იმართება კონგრესში. მოსმენები, სადაც როგორც კონგრესმენების, ისე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. გვქონდა შესაძლებლობები, რასაკვირველია აქამდეც, რომ ძალიან მაღალ დონეზე გვესაუბრა ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მოგვეპოვებინა მათი მკაფიო და მყარი მხარდაჭერა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინისტრს ექნება ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად მოვისმინოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას,” – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე, მონაწილეობს ნატო-ს საკითხებზე ატლანტიკური საბჭოს, მარშალის ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებაში.