დავით ბაქრაძე - უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა
დავით ბაქრაძე - უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა

როცა ქვეყნის ინტერესების დაცვა საჭიროა, ოკუპანტსაც უნდა ვესაუბროთ, მაგრამ ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ხიფათი, რაზეც პასუხს მთავრობისგან ვითხოვთ, ის არის, რომ ამ ფორმატით ჩვენი ჩათრევა არ მოხდეს ორმხრივ ურთიერთობაში, მრავალმხრივი ფორმატების ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რუსეთთან სწორ ფორმატსა და სწორ კონტექსტში დიალოგი პრობლემა არ არის.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენი მთავარი არგუმენტი და მთავარი დამხმარე საერთაშორისო თანამეგობრობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები დეოკუპაციაზე მიმდინარეობდეს მთავარი პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. რუსეთს იმის საშუალება და საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ მათ უთხრას, ქართველებთან ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს და ამიტომ ჟენევა, ამერიკელები და ევროპელები საჭირო აღარ არიან. ეს არის მთავარი საფრთხე და ამის თაობაზე ვითხოვთ განმარტებებს დავით ზალკალიანისგან, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესის გაგრძელებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დიალოგი სწორ ფორმატში აუცილებელია, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას ორმხრივ ფორმატში გადაიყვანს და ამ პროცესს ჩამოაშორებს მთავარ მხარდამჭერებს ევროპელებსა და ამერიკელებს, შეიძლება, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან საშიში და დამაზიანებელი იყოს. რუსეთის მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, პესკოვის განცხადებებიც ამას ადასტურებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დატოვე კომენტარი