დავით ბაქრაძე - თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას მთლიანად არ შეასრულებს, ნახევარ შესრულებას მხარს ვერ დავუჭერთ
დავით ბაქრაძე - თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას მთლიანად არ შეასრულებს, ნახევარ შესრულებას მხარს ვერ დავუჭერთ

პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო პროპორციებიც არის ერთი სისტემის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური გარემო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების მთავარი ამოცანა იყო და არის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მოწესრიგება და ნორმალური პოლიტიკური კლიმატის შექმნა არჩევნების ჩასატარებლად.

„ნორმალურ პოლიტიკურ კლიმატს აქვს ორი მთავარი ელემენტი: პირველი, შეთანხმება სამართლიან თამაშის წესებზე, როგორი საარჩევნო თამაშის წესები გვაქვს და მეორე, ეს არის შეთანხმება იმ მთავარზე, რომ როგორი წესებითაც არ უნდა ვთამაშობდეთ, მოგებული წაგებულს ციხეში არ გაუშვებს პოლიტიკური ინტერესის გამო. ამიტომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და საარჩევნო პროპორციებიც არის ერთი სისტემის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური გარემო. ამიტომ იყო ამ შეთანხმებაში ორი ელემენტი, ამიტომ იყო მასში ჩაწერილი პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე და არა იმ კონკრეტული ადამიანების გამო, ვინც დღეს ციხეში არიან. ამიტომ ვიმეორებ, თუ არ იქნება ნორმალური თამაშის წესები, რომ ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს სამართლიანად და მოგების შემთხვევაში მე თქვენ ციხეში არ გაგიშვებთ, როგორიც არ უნდა იყოს საარჩევნო პროპორცია, ამიტომ ჰქონდა ეს ორი ელემენტი, ამიტომ არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა, რომ შეთანხმება შესრულდეს მთლიანად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, შეთანხმების ნახევრად შესრულებას მხარს ვერ დაუჭერენ.

„მე არ დავმალავ, ჩვენ გვინდა ამ შეთანხმების შესრულება. მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და კარგი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ თუ ხელისუფლება მას არ შეასრულებს მთლიანად, ნახევარ შესრულებას მხარს ვერ დავუჭერთ“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.