დავით ბაქრაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი მამუკა ხაზარაძის სიმართლის დადასტურება იქნება 
დავით ბაქრაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი მამუკა ხაზარაძის სიმართლის დადასტურება იქნება 

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.

როგორც დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ძალაშია.

„ჩვენ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. უკვე უმცირესობის წევრების ხელმოწერები გვაქვს. ორი ძირითადი მიზეზია, თუ რატომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. პირველი, ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან „თიბისი ბანკი“ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. თემა, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კომისიის განხილვის საგანი უნდა გახდეს. მეორე – ბრალდებები, რომელიც გუშინ მამუკა ხაზარაძისგან მოვისმინეთ მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ძალიან სერიოზულია. ეს გაჟღერებული საკითხებია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირები საარჩევნო მოსყიდვისთვის ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟსა და ბიზნესის გამოყენებაში პირდაპირ მონაწილეობენ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ეს ის თემაა, რომელზეც პარლამენტი ვალდებულია, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას და საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.

„ასევე, გუშინ მამუკა ხაზარაძის პოზიცია მოვისმინეთ, ის მზად არის, შესაბამისი ფაქტები, მათ შორის ზეწოლის წერილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა მისწერა, გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ბრალდებები, რომელიც გუშინ იყო, „თიბისი ბანკის“ და კონკრეტული ბიზნესმენების თემას სცილდება და ქვეყანაში სისტემური დანაშაულის ძალიან მძიმე სურათს წარმოადგენს, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართული“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

დეპუტატი აცხადებს, რომ თუ უმრავლესობა საკუთარი და აღმასრულებელი ხელისუფლების სიმართლეში დარწმუნებულია, საგამოძიებო კომისიის შექმნით მათთვისაც ამ სიმართლის დადგენა ერთადერთი გზა უნდა იყოს.

„კომისიის შექმნაზე უარი ხაზარაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ცალსახად აღიქმება, როგორც სიმართლის გამოუძიებლობისა და მიჩქმალვის მცდელობა, რაც მამუკა ხაზარაძის სიმართლის დადასტურება იქნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.