დავით ბაქრაძე - საუბარი არ არის რაიმეს შეჩერებაზე, ამ ეტაპზე განიხილება პროექტი, რომელშიც არის გარკვეული დათქმა, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს დათქმა არის ზედმეტი
დავით ბაქრაძე - საუბარი არ არის რაიმეს შეჩერებაზე, ამ ეტაპზე განიხილება პროექტი, რომელშიც არის გარკვეული დათქმა, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ეს დათქმა არის ზედმეტი

საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მაღალ შეფასებებს იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საბიუჯეტო კანონპროექტი 2017 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საქართველოს მიმართ.

„პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი ჩვენთვის. ამ კანონპროექტში პირველად 2017 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საკანონმდებლო დონეზე პირველად სწორედ ამ დოკუმენტში იქნა ნახსენები ოკუპაცია და მხარდაჭერის თანხა 2017 წლის შემდეგ 86 მილიონიდან 132 მილიონამდე გაიზარდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. საბიუჯეტო კანონპროექტი, ასიგნებათა კანონი და ასე ვთქვათ, უკვე დამტკიცებულ ასიგნებათა კანონებში, გასული წლების კანონებში საქართველოს მხარდასაჭერი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილია“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, დაფინანსების 15 პროცენტის შეჩერებასთან დაკავშირებული ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით არის ზედმეტი.

„პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ ერთი რამ, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცებული არ არის. დღეს მოხდა მისი განხილვა საბიუჯეტო კომიტეტში, ამის შემდგომ დოკუმენტმა ძალიან გრძელი გზა უნდა გაიაროს. კერძოდ, წარმომადგენლობათა პალატის კომიტეტის შემდეგ, სენატის შესაბამის ჯერ ქვეკომიტეტში, შემდეგ კომიტეტში, წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე, სენატის პლენარულ სხდომაზე, შემდეგ იმართება კონფერენცია, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ვარიანტის შეჯერება და ამის შემდგომ ჯერ წარმომადგენელთა პალატა უყრის კენჭს და ამტკიცებს, შემდგომ კი სენატი ამტკიცებს. ეს არის ის პროცედურები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მცდარია ის ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა, თითქოს რაიმე უკვე დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პოზიციაა ამერიკის კონგრესის მიმართ, რომ, რა საკვირველია, ის დათქმა საქართველოსთან დაკავშირებით არის ზედმეტი. რა საკვირველია, აქ საუბარი არ არის რაიმეს შეჩერებაზე. ამ ეტაპზე განიხილება პროექტი, რომელშიც არის გარკვეული დათქმა, რომელზეც ჩვენი პოზიციაა, რომ ეს საქართველოსთან დაკავშირებით არის ზედმეტი და არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რა ცვლილებებიც განხორციელდა და რა გადაწყვეტილებებიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე ვაგრძელებთ მუშაობას. როდესაც, ვთქვათ, საუბარია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზე, მთელი ამერიკის კონგრესისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ჩვენ მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება იმ ცვლილებებისა, რომლებიც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, რა საკვირველია, ესეც ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, დემოკრატიული განვითარება, ამიტომ ვთვლით, რომ ასეთი დათქმა საქართველოსთან დაკავშირებით არის ზედმეტი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითხვაზე, რამ განაპირობა მსგავსი დათქმა, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ სანამ კანონი თავის საბოლოო ფორმას არ მიიღებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი საუბარი არის სპეკულაცია.

„ჩვენ შეგვიძლია, თვალყური ვადევნოთ, რა განვითარებას ჰპოვებს. ჩვენ ვნახეთ მოხსენების ტექსტი. ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი რიგი პუნქტებისა უკვე არ მოხვდა, კანონმდებლებმა არ მიიღეს და არ გაითვალისწინეს. ჯერ ისევ გრძელი პროცესია, ამიტომ პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით მე, როგორც ელჩი, კომენტარს არ გავაკეთებ, ეს უფრო პოლიტიკოსების საქმეა. ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფოს აქ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მაღალ შეფასებებს იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. აქტი ზოგადად მუშავდება თვეების განმავლობაში. 435 კონგრესმენი მონაწილეობს ამ აქტის განხილვაში და სხვადასხვა პრიორიტეტებია აპროპრიაციის არაერთი წევრის მხრიდან მიდის, თუმცა ჩვენ ვნახეთ პირველი პროექტი, რომელშიც რაიმე დათქმა ან პოლიტიკური პარტიების უფლებების, ან მედიის უფლებების, ან ოლიგარქიასთან დაკავშირებით იყო ამოღებული და ვიმეორებ, ჯერ კიდევ პროცესი წინ არის და რა საკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დათქმა საბოლოო დოკუმენტში არ მოხვდება იმ ფორმით, როგორც ახლა იყო განხილული“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან და მათ აქვთ ინფორმაცია საქართველოში დემოკრატიული ცვლილებების შესახებ.

„ჩვენ ამერიკასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გამოიხატება ჩვენს აქტიურ მუშაობაში ამერიკის შეერთებული შტატების როგორც მნიშვნელოვანი კომიტეტის წევრებთან, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ინფორმაცია იმ დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების შესახებ, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რასთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტების შესაბამისი ჯგუფებისა და კონგრესმენების მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გამოხატულებაა იმისა, რომ ხედავს ამ პროგრესს, რომელსაც საქართველო განიცდის, მათ შორის, დემოკრატიული განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ ეს თანამშრომლობა ნებისმიერ დოკუმენტში სწორად ასახავს იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ელჩმა იმ სფეროებზეც ისაუბრა, რომლებზეც გამოყოფილი თანხა დაიხარჯება.

„აქ რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, რომელიც არ არის ძალიან დეტალებში ჩაშლილი, თუმცა რაც ხელის გულზეა და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, არის 35 მილიონი სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი. არის დანარჩენი თანხიდან ნაწილი, რომელიც მიდის ტერორიზმსა და ნარკოტიკულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით; არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და კონკრეტული პროექტების მხარდაჭერისათვის არის; ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხმარდება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებას; არის ნაწილი, რომელიც ხმარდება დემოკრატიის განვითარებას. ასე რომ, აქ არის ბევრი მიმართულება. წელს უფრო გაიზარდა პროექტები ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ​პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე“, – დასძინა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არასწორია ოპონენტების მტკიცება, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს. როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ორი შენიშვნა მალევე გამოირიცხა და დარჩენილ სამ შენიშვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.