დავით ბაქრაძე - საქართველოს პრეზიდენტი რაც ნაკლებს ისაუბრებს, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოს
დავით ბაქრაძე - საქართველოს პრეზიდენტი რაც ნაკლებს ისაუბრებს, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოს

ისე, როგორც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება არა მხოლოდ მთლიანად აცდენილია პოლიტიკურ კონტექსტს და ქვეყნის ინტერესს, არამედ ატარებს პირდაპირ საფრთხეს და არის მავნებლური ამ სახელმწიფოს ინტერესისთვის, – ამის შესახებ „ვროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის გზით ვითარება ვერ განიმუხტება და ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა.

„მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი, აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ქვეყანაში ძალადობა შეწყდეს, ქალბატონი ზურაბიშვილი გამოდის და აქეზებს „ოცნების“ რადიკალებს იმისკენ, რომ ძალადობის გზით გადაწყდეს ვითარება. უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობის გზით ვითარება ვერ დამშვიდდება. ძალადობის გზით კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ქალბატონი ზურაბიშვილი, რომლის ერთადერთი ამოცანა როგორც ჩანს არის, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაამართლოს მის ბილბორდებზე გაკრული ივანიშვილისა და კობახიძის სურათები, გაამართლოს მისი პრეზიდენტობის დროს დაქალების ექსკურსიაზე ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები, დღეს კიდევ ერთხელ გამოდის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებით და მოუწოდებს, ახალისებს „ქართული ოცნების“ რადიკალებს, რომ „პრობლემა“ გადაწყდეს იმ გზით, რომელიც ქვეყანას დაპირისპირებისა და არეულობის უფსკრულში გადაჩეხავს.

ვის, ვის და საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, ოდნავ ნორმალურ პრეზიდენტს მაინც, რომ ამ ქვეყანაში ძალის ჩვენება და უფსკრულში გადავარდნა არის პირდაპირი წინააღმდეგობა იმასთან, რაც მას ევალება. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს და ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ტრადიციულ რჩევას ქალბატონ ზურაბიშვილის მიმართ – რაც ნაკლებს ისაუბრებთ, მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველოს, მით ნაკლებ საფრთხეს და ზიანს მიაყენებთ ამ ქვეყნის მომავალს. ამიტომ, კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, დაქალების ექსკურსიაზე და დაანებეთ თავი იმას, რაც არ გესმით. პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია. თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდობა საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ ამ პროცესში. ამიტომ, დაანებეთ თავი დაზიანებას, დაანებეთ თავი იმას, რაც არ იცით და არ გესმისთ, მიხედეთ იმას, რაც გესმით – მამლებს, ექსკურსიებს და სასახლის მოწყობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში, სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ის იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია.