დავით ბაქრაძე - აშშ იყო პირველი, რომელმაც ომის შემდგომ რეალობასთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა
დავით ბაქრაძე - აშშ იყო პირველი, რომელმაც ომის შემდგომ რეალობასთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა

საქართველო გახდა მაგალითი პატარა ქვეყნისა, რომელიც არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას და ასევე ის არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც რუსეთის საქართველოში შეჭრის და აგვისტოს ომის მე-10 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, აშშ იყო პირველი, რომელმაც ომის შემდგომ რეალობასთან გასამკლავებლად საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა ერთ მილიარდამდე დოლარის გამოყოფით.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ ორ ათწლეულზე მეტია, ეხმარება საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. საქართველო გახდა მაგალითი პატარა ქვეყნისა, რომელიც არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი, როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას და ასევე ის არის დემოკრატიული განვითარების მაგალითი. ჩვენ ვიზიარებთ აშშ-ის ღირებულებებს. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მშვიდობას, კონფლიქტის, განადგურების ნაცვლად. მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, სადაც პირველად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, როგორც ევროპაში აშშ-ის პარტნიორს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღია კარის პოლიტიკას საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გვჯერა, რომ ძალისა და მოწინავე პოზიციით, ჩვენ შევძლებთ, რუსეთი ჩავრთოთ არსებით დიალოგში საქართველოსა და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად, რაც ჩვენი და აშშ-ის ინტერესია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.