დავით ბაქრაძე -  ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისა და ევროპული მომავლისთვის
დავით ბაქრაძე -  ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისა და ევროპული მომავლისთვის

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და პარტიის წევრებმა საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიაგეს პატივი.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია.

„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო იმ გმირების ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი. მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცრის წინაშე, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ჩვენი დევნილების მიმართ, ვის მხრებზეც გადაირა საქართველოს ყველაზე რთულმა ეპიზოდებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია.

„ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია, იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის დროშა დღეს უჭირავს ქართულ საზოგადოებას და პირველ რიგში ახალგაზრდებს, რომლებიც აგრძელებენ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა იქნება წარმატებული. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, საქართველოს ერთიანობისთვისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.