დავით ბაქრაძე - საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებას არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში კრიზისია შექმნილი
დავით ბაქრაძე - საპროტესტო აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებას არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში კრიზისია შექმნილი

საპროტესტო აქციები გაგრძელდება, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გაიზრდება, გამწვავდება და იქნება, ვიდრე ამ ხელისუფლებას არ გავაგებინებთ და არ შევაგნებინებთ, რომ ქვეყანაში არის მათი შექმნილი კრიზისი, მათი ტყუილის გამო, შექმნილი კრიზისი და ამ კრიზისიდან უნდა მოძებნონ გამოსავალი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„დღემდე ხელისუფლება ჯიუტობს, ცდილობს, რაღაც მაგარი ბიჭობანა ითამაშოს და არ შეიმჩნიოს, რომ ქვეყანაში კრიზისია, ეს მათ არ გამოუვათ, ამიტომ შესაბამისად, პირველი და მთავარი მიმართულება ოპოზიციის მოქმედებაში იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა მოძებნოს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოპოზიციის პირველი და მთავარი მიმართულება იქნება საპროტესტო აქციების გაგრძელება და გაზრდა.

მისივე თქმით, იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ე.წ. გერმანული მოდელით შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„მჯერა, ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა საკუთარი პროტესტის გამოსახატად. პარალელურად, გვექნება შეხვედრები უახლოეს დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ელჩებთან. წინასწარი კომუნიკაცია უკვე გვქონდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დადებითია ელჩების განწყობა იმ გამოსავლის იმ შუალედური ვარიანტის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ როგორც გამოსავალს ე.წ გერმანული მოდელის სახით და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში ჩატარდება. გარდა ამისა, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა ასევე არასამთავრობო სექტორთან და იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც ასევე ვიმსჯელებთ ე.წ გერმანული მოდელის შესახებ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებს.

„არ გამოვრიცხავ უმრავლესობასთან კონსულტაციებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა, ოდნავ მაინც ადეკვატურად მოიქცნენ, საჭიროა, ოდნავ მაინც გაახილონ და თვალი გაუსწორონ რეალობას რომელიც ქვეყანაშია, არ გვატყუებდნენ, რომ თურმე უმრავლესობის შეკრებები ეძღვნება ბიუჯეტის განხილვებს, იმ ბიუჯეტის, რომელიც არასდროს არ გახსენებიათ და არ გვეთამაშონ ხელის გადაწევაზე, რომ ვინ უფრო მაგარია და ვინ უფრო მეტად არ შეიმჩნევს რა ხდება ქვეყანაში. როგორც კი ხელისუფლება ოდნავ მაინც ადეკვატური გახდება და აღიარებენ, რომ ქვეყანაში არის მათ მიერ შექმნილი კრიზისი, რა თქმა უნდა, მათთანაც არ გამოვრიცხავთ კონსულტაციებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.