დავით ბაქრაძე - საკონსტიტუციო განხილვების კომისიის შექმნა პარტიებს შორის შეთანხმების შესრულების გზაზე აუცილებელი ნაბიჯია
დავით ბაქრაძე - საკონსტიტუციო განხილვების კომისიის შექმნა პარტიებს შორის შეთანხმების შესრულების გზაზე აუცილებელი ნაბიჯია

ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო განხილვების კომისიის შექმნა 8 მარტის შეთანხმების შესრულების გზაზე აუცილებელი ნაბიჯია, რათა საქართველო ახალ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

„როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ დღეს ერთჯერადი გამონაკლისის სახით მონაწილეობა მივიღეთ კენჭისყრაში და მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, ვინაიდან ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესასრულებლად“ ,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თუმცა, ბაქრაძის თქმით, ვითარების ნორმალიზაციას შეთანხმების სრულად შესრულება სჭირდება.

„რაც შეეხება ჩვენს დაბრუნებას საპარლამენტო საქმიანობაში და ვითარების ნორმალიზაციას, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა – ვითარების ნორმალიზაციას სჭირდება შეთანხმების სრულად შესრულება, როგორც საარჩევნო ნაწილში, ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პატიმრების გათავისუფლების ნაწილში. ამიტომ ვითარება ჩაითვლება ნორმალიზებულად, პოლიტიკური კლიმატი მოწესრიგდება და ჩვენ როგორც ოპოზიცია დავუბრუნდებით სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას მხოლოდ მაშინ, როცა დავინახავთ შეუქცევად პროგრესს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების გზაზე“ ,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია შექმნა.

შესაბამისი დადგენილების პროექტს დღეს უყარეს კენჭი.

დადგენილების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისია ცხრა წევრით დაკომპლექტდა, კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, წევრებად კი განსაზღვრული არიან, მამუკა მდინარაძე, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, მარიამ ჯაში, ირაკლი კობახიძე, თინა ბოკუჩავა, თენგიზ შარამანაში, თორნიკე ჭეიშვილი.

როდის დაიწყება და რა ფორმატში სახალხო განხილვები, ეს ამ დროისთვის არ კონკტერდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ განხილვა ვირტუალურად მოხდეს.