დავით ბაქრაძე - საერთაშორისო მისიების პირველი შეფასება ისეთ დროს გაკეთდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ არ იცოდნენ დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილის, გადაკეთებული ოქმების შესახებ
დავით ბაქრაძე - საერთაშორისო მისიების პირველი შეფასება ისეთ დროს გაკეთდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ არ იცოდნენ დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილის, გადაკეთებული ოქმების შესახებ

არ ვიტყოდი, რომ ელჩები არ გვეთანხმებიან. რაც დრო გადის, უფრო და უფრო კრიტიკული შეფასებები ჩნდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების დიდი ნაწილი საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების მიღმა რჩება.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მისიების პირველი შეფასება ისეთ დროს გაკეთდა, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა ჯერ არ იცოდნენ „დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილის – გადაკეთებული ოქმების შესახებ“.

„ანუ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პირველი შეფასება გაკეთდა, მაშინ ამ სიყალბის დიდი ნაწილი ზედაპირზე ამოსული არ იყო. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ამჩნევენ და ტექნიკურად გამორიცხულია, „კარუსელი“ დაიჭიროს უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელიც უბანზე 15 წუთით შედის. გამორიცხულია, უცხოელმა დამკვირვებელმა ტექნიკურად დაიჭიროს ხმის მიცემა, მოსყიდვა და დაშინება, რაც კენჭისყრის წინა დღეებში მიმდინარეობს, როცა ის 15 წუთით შედის უბანზე. დარღვევების დიდი ნაწილი ანგარიშებშია, თუმცა, დიდი ნაწილი რჩება მათი ობიექტური ყურადღების მიღმა. ერთ-ერთი მთავარი და ხილული დარღვევა იყო გადაკეთებული ოქმები, ზედაპირზე ამოვიდა და ოქმებმა გამოჩენა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაკეთდა პირველი შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს პროცესი გრძელდება, მეტი ინფორმაცია აქვთ მათაც და ყველასთან მჭიდრონ ვმუშაობთ.

პარტნიორებისგან ვაფასებთ იმას, რომ კრიზისის გადაწყვეტის ყველა გზას გვთავაზობენ, ამ გზების ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ გადაკეტა. მაგალითად, გადათვლებისა და გასაჩივრების ნაწილი. გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია ვერ იქნება გამოსავალი. პროცესი იქით მიდის, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში კრიზისის გადაჭრის გზა რიგგარეშე არჩევნებია“, – განაცხადა ბაქრაძემ

დატოვე კომენტარი