დავით ბაქრაძე - საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის
დავით ბაქრაძე - საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის

საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე, ეს არის თავისუფლების დაცვა.

„საქართველოს მთელი ისტორია არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსა და თავისუფლების დაცვისთვის. იუნკერების თავგანწირვა არის ამ ბრძოლის ერთი ნამდვილად სასახელო და გამორჩეული ეპიზოდი.

საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. საქართველო დღესაც არის ოკუპაციის ქვეშ, საქართველო დღესაც იბრძვის საკუთარ ოჯახში, ევროპაში დასაბრუნებლად, ამიტომ დღეს პატივს მივაგებთ იუნკერებს, ვიხსენებთ მათ თავგანწირვას.

ყველაზე დიდი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათი ხსოვნის და საქართველოსთვის დაღუპული თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე, ეს არის საქართველოს თავისუფლების დაცვა, ეს არის საქართველოს გამთლიანება და საქართველოს დაბრუნება ევროპაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.