დავით ბაქრაძე - როდესაც არ არის შეთანხმება არც ხელახალ არჩევნებზე და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასეთ პირობებში ჩვენ პარლამენტში არ შევალთ
როდესაც არ არის შეთანხმება არც ხელახალ არჩევნებზე და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასეთ პირობებში ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ზემოაღნიშნული ორი მოთხოვნა არ შესრულდება, მხოლოდ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილება ვერ იქნება საკმარისი წინაპირობა პარლამენტში შესასვლელად.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იძულებული ვიყავით, ანგარიში გაგვეწია მედიატორების პოზიციისთვის, რომ არ გახმაურებულიყო მოლაპარაკებების დეტალები, მაგრამ ვფიქრობ, ამან მიიღო სრულიად არასწორი სახე და საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია. ამიტომ, დღეს მოლაპარაკებებზე ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი, ყველამ გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია და საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა. მე შემიძლია, მკაფიოდ გითხრათ „ევროპული საქართველოს“ სახელით: იმ პირობებში, როცა გუშინდელი რაუნდის შემდეგაც კი „ქართული ოცნება“ საუბრობდა, რომ ისინი არ მოდიან რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ჩვენგან ვერ იქნება განხილული, ვერანაირი ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“, როგორც საკმარისი პირობა პოზიციის შესაცვლელად და პარლამენტში შესასვლელად.
ამიტომ, ასეთ პირობებში, ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, ყველა დანარჩენი პარტიაც დარჩება საკუთარი პოზიციის ერთგული, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სიტუაციაში არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა ემსახურება მხოლოდ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ემსახურება „ქართული ოცნების“ გამოყვანას იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ თავის თავი შეიყვანა არჩევნების გაყალბებით. ეს არ ემსახურება ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესს. ამიტომ, როდესაც არ არის შეთანხმება არც ხელახალ არჩევნებზე და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ. იმედი მაქვს, რომ იმავეს იზამენ სხვა პარტიები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.