დავით ბაქრაძე - რასმუსენის განცხადებები არის პოლიტიკა და სიგნალი, რომელიც საქართველოს პირდაპირ ეხება და, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ
დავით ბაქრაძე - რასმუსენის განცხადებები არის პოლიტიკა და სიგნალი, რომელიც საქართველოს პირდაპირ ეხება და, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ

ნატო-ს მხრიდან შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადება იმავე შედეგამდე მიგვიყვანს, რა შედეგიც იყო ადრიატიკისა და ბალტიის ზღვის შემთხვევაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ნატო-ს შავი ზღვის მსგავსი ინიციატივა ბალტიისპირეთის ზღვაზე ჰქონდა, როცა ბალტიის ზღვის უსაფრთხოების სისტემის შესახებ გამოაცხადა და ამას მოჰყვა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანება. შემდეგ ანალოგიური მიდგომა ადრიატიკის ზღვის მიმართ იყო, რასაც ბალკანეთში სიტუაციის დამშვიდება და ბალკანეთის ქვეყნების ნატო-სკენ სვლა მოჰყვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახლა დადგა შავი ზღვის ჯერი, რადგან ბოლო წლების ყველაზე მძაფრი დაპირისპირება შავ ზღვაზეა. ვხედავთ რუსეთს, რომელიც აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციით ცდილობს, დასავლური უსაფრთხოების სისტემისკენ შავი ზღვის მოძრაობა არ დაუშვას. ამიტომ, ნატო-ს მხრიდან შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადება იმავე შედეგამდე მიგვიყვანს, რა შედეგამდეც მიიყვანა ადრიატიკისა და ბალტიის ზღვის შემთხვევაში, ანუ ამას მოჰყვება შავი ზღვის სახელმწიფოების გაწევრიანება ნატო-ში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, კვიპროსის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

„რაც შეეხება კვიპროსის მაგალითს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ოკუპაცია არ უნდა გახდეს საფუძველი ქვეყნის განვითარებაში ხელის შეშლის. რასმუსენის მხრიდან საუბარი კვიპროსსა და იმაზე, რომ ოკუპაცია შეიძლება, არ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი ქვეყნის ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და თუნდაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ის პოლიტიკა და სიგნალია, რომელიც საქართველოს პირდაპირ ეხება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამ პერსპექტივაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ეს ის პერსპექტივაა, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველო რუსეთის ცუდი ქცევის გამო, არ უნდა დაისაჯოს, ისევე, როგორც რუსული ოკუპაციის გამო. ნატო-ს მხრიდან ასეთი სიგნალი ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება დასავლური პერსპექტივა იმის საპირისპიროდ, რის გამოც რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციას, რომ ამით საქართველო ნატო-ში არ შეუშვას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში რასმუსენი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ალიანსის წევრების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ამასთან, სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს: „ნატო-ს შეუძლია, მიჰყვეს კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს. კვიპროსი ევროკავშირისა და ევროზონის სრულუფლებიანი წევრია, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოქმედებს კუნძულის იმ ნაწილში, რომელსაც კვიპროსის მთავრობა ვერ აკონტროლებს. ნატო-მ ასევე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ყველა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს და უკრაინის მთავრობები ამ დრომდე აკონტროლებენ“.