დავით ბაქრაძე - ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა
დავით ბაქრაძე - ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა

დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი თავი, ერთადერთი გზა ამ ქვეყნის განვითარებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემა „დებატები 2018“-ში განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელმა დებატებმა ამომრჩეველს აჩვენა, რომ ხელისუფლების კანდიდატს არ აქვს მკაფიო ხედვა და გეგმა მომავალთან დაკავშირებით, არ აქვს გაცნობიერებული რამდენად უჭირს დღეს საქართველოს.

„ხელისუფლების კანდიდატი ვერ გვთავაზობს ვერაფერს, რომლთაც ქვეყანას წავიყვანთ წინ და ხალხს დავეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. დღევანდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამოწურა საკუთარი თავი. ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი გზა საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხებაა, სწორედ ამაზე გადის საქართველოს წინსვლის გზა, ამის შესაძლებლობას გვაძლევს 28 ოქტომბერი. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მხარი უნდა დაუჭიროს და ხმა უნდა მისცეს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ მის საკუთარ, უკეთეს, საიმედო ხვალინდელ დღეს. ეს საიმედო ხვალინდელი დღე ვერანაირად ვერ გვექნება „ქართული ოცნების“ ხელში, რაც უკვე გამოაჩინა განვლილმა ექვსმა წელმაც და დღევანდელმა დებატებმაც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს  მშვიდობიანი, დაცლილი ყოველგვარი შურისძიებისა და რევანშისგან.

„არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, შეაშინოს ჩვენი საზოგადოება და არჩევანი გააკეთებინოს ცუდსა და უარესს, ჭაობსა და არეულობას შორის. ამ ქვეყანაში აუცილებლად იქნება სიმშვიდე, აუცილებლად დასრულდება პოლიტიკური დევნა და ქვეყანა აუცილებლად წავა წინ, ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი. ყველას მოვუწოდებ, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა საკუთარი ცხოვრების უკეთესისკენ შესაცვლელად, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესისკენ შესაცვლელად, აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან თითოეული არმოსული ადამიანი, ეს არის ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა. მოვიდნენ არჩევნებზე, მოვიგოთ და ერთად ავაშენოთ საიმედო ხვალინდელი დღე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.