დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა

„ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.

„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთეს.

„მინდა, მოქალაქეებმა გაიგონ, რა მოხდა დღეს. დღეს „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, რომ „ოცნება“ არ უჭერს ისეთ საარჩევნო სისტემას მხარს, სადაც წაგების პერსპექტივა ექნება, ხოლო ქართველ ხალხს მიეცემა საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით გაიმარჯვოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც ექნება ხალხის მხარდაჭერა. დღეს „ქართული ოცნების“ სახეები, ზოგი ახალ გამოჩეკილი და ზოგი ძველი, პირდაპირ ამბობდნენ, რომ დღევანდელი სისტემა უნდა დარჩეს, რადგან ეს არის სისტემა, რომლითაც „ქართული ოცნება“ იგებს მომავალ არჩევნებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, რაც დღეს მოხდა, მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების წართმევაა.

„მინდა, მოქალაქეებს ესმოდეს, რაც დღეს მოხდა, ეს არ არის პოლიტიკური კლასის ბრძოლა, არ არის პოლიტიკური გემოვნებისა და დემოკრატიის საკითხი, რაც დღეს მოხდა ეს არის თქვენი საარჩევნო უფლების წართმევა, ივანიშვილის გუნდის მხრიდან უტიფარი განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნებს მოვიგებთ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გინდათ „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს გიკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვის წინ დაგპირდით, ამას გავაკთებდი, ამ ყველაფრის მიუხედავად 2020 წელს გვექნება სისტემა, რომლითაც მოვიგებთ არჩევნებს და თქვენ, ქართველ ხალხს არ მოგცემთ საშუალებას, თქვენი ნების გამოხატვით ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, აღნიშნული სისტემა გაიტანოს.