დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქციაა, ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტიკური დევნის აღქმა
დავით ბაქრაძე - პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქციაა, ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტიკური დევნის აღქმა

აუცილებლად ვიქნები ყველას პრეზიდენტი, რადგან საქართველოს მართლაც სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა. მან გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვას უპასუხა, რამდენად შეძლებს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი, იქნება თუ არა გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტი, ასევე იმ სოციალური ჯგუფების, რომლებიც მათ უკან დგანან.

„აუცილებლად ვიქნები ორივეს პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი, რადგან საქართველოს სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საუბრობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და ამ სტუდიაში შემოსვლის დროს კონკურენტებს გამარჯობა არ გვითხრა. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება. მე დაგისვით კორექტული კითხვა ბუკლეტთან დაკავშირებით, თქვენ კი მიპასუხეთ, რომ კითხვა არ ვიცი თურმე. ნამდვილად ვიცი ქართულად კითხვა და არ ვიკადრებ იმავე სტილში შემოგიბრუნოთ ქართულთან დაკავშირებით, რადგან ეს დებატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებს ქვეყანას”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ყოფნის დროს ის იყო ერთ-ერთი, რომელიც მუშაობდა ხელისუფლებასთან იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება საქართველოსა და ქართულ საზოგადოებას.

„ვმუშაობდი და ვმუშაობ ხელისუფლებასთან იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება საქართველოს, ეს არის ნატო, ევროკავშირი, პენსიის გაზრდა, ყველა თემაზე, რაც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. მე არ მომერიდება ვიმუშაო საპარლამენტო უმრავლესობასთან და ამის მაგალითია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში, ვიყავი ადამიანი, რომელიც მაშინ მუშაობდა ოპოზიციასთან, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე და პროცესები არ გასულიყო ფარგლებს გარეთ, რომლის იქითაც დაიწყებოდა დესტაბილიზაცია და არეულობა. ვიქნები ნამდვილად ზეპარტიული პრეზიდენტი. ზეპარტიულობა არ გულისხმობს მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანებთან მუშაობას. ზეპარტიულობა და ყველას პრეზიდენტობა გულისხმობს იმას, რომ უნდა იყო თითოეული ადამიანის, თითოეული პენსიონერის პრეზიდენტი და არ თქვა, რომ ეს არ გეხება. უნდა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დევნილების, სამხედროების, პოლიციელების პრეზიდენტი და არ თქვა, რომ მათი პრობლემები არ გეხება. უნდა იყო ჩვენი ემიგრანტების პრეზიდენტი, ვინც დღეს გაჭირვებამ საქართველოდან წაიყვანა და არ თქვა, რომ მათი პრობლემა არ გეხება. უნდა იყო ახალგაზრდების პრეზიდენტი, დაეხმარო მათ და არ თქვა, რომ მათი პრობლემა არ გეხება. ყველას პრეზიდენტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში თითოეულ ადამიანს ქომაგის სახით უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი და ეს ვიქნები აუცილებლად”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გადაცემის წამყვანმა დავით ბაქრაძეს მიმართა: „თამთა სანიკიძის გადაცემაში თქვენ ბრძანეთ, რომ შეგიძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, თუმცა თქვით, რომ მზად ხართ, გამოიყენოთ პრეზიდენტის უფლება და შეიწყალოთ თქვენი თანაგუნდელები, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან. ჩემი აზრით, ეს იქნება საკმაოდ კონფრონტაციული ხელისუფლებასთან მიმართებაში და როგორ შეძლებთ ამის შემდეგ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას?”

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მას აქვს თავისი პრინციპები და თუ ეს პრინციპები მოითხოვს, არ მოერიდება ხელისუფლებასთან დაპირისპირება.

„არ მეშინია კონსტრუქციული თანამშრომლობის ყოველთვის, როდესაც ეს საჭიროა ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა მაქვს ჩემი პრინციპები და არასდროს მომერიდება არც ხელისუფლებასთან, არც ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან დაპირისპირება, როდესაც ამას მოითხოვს ჩვენი პრინციპები. ჩემი პრინციპია, რომ ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაწყნარება და დამშვიდებასა და დაწყნარებას აქვს ორი ელემენტი, პირველი – წერტილი უნდა დავუსვათ წარსულს, უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება დასრულდა. გავიდა ექვსი წელი, სრულიად საკმარისი იყო სასჯელისთვისაც და ბრალის დამტკიცებისთვისაც, ეს უნდა დავხუროთ. მეორე ელემენტი გახლავთ, რომ უნდა დავიცვათ მომავალი, უნდა ვთქვათ, რომ მომავალში არ მოხდება არავის დევნა, არავის დაპატიმრება და არავისთვის პრობლემის შექმნა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო. მიმაჩნია, რომ ყველას პრეზიდენტის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ დაცულად, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს პოლიტიკური დევნის აღქმა”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.