დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ
დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ

ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ სამი მთავარი დაპირება კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაციაა.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ აწუხებს ხალხის გაჭირვება. ქვეყანას დღეს მართავს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმში, კორუფციაში, წილებსა და „ატკატებში“. დიახ, ეს არის მათი საქართველო. მათი საქართველო იქ არის, ოლიგარქის შუშის სასახლეში, ტენდერებსა და კორუფციაში, მაგრამ ეს ქვეყანა არის სხვა საქართველო.

დღეს საქართველო არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში და სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ამიტომ ბრძლა ოქტომბრის არჩევნებზე – ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და უკეთესობისთვის. ჩვენი მთავარი დაპირება პირველივე 100 დღის განმავლობაში შეიძლება შეჯამდეს სამი სიტყვით: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.