დავით ბაქრაძე - ოპოზიცია გამოსავლის მოძებნას ცდილობს, ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზეა, ისევ ოპოზიციის შეთავაზებაა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ
დავით ბაქრაძე - ოპოზიცია გამოსავლის მოძებნას ცდილობს, ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზეა, ისევ ოპოზიციის შეთავაზებაა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ

ვითარება არის მარტივი- ოპოზიცია პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ცდილობს, მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა გაყალბებული არჩევნებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უცხოელი პარტნიორებიც ცდილობენ, კრიზისიდან გამოსავლის გზები მოძებნონ. ამასთან, როგორც ბაქრაძე ამბობს, შეთანხმების მისაღწევად „ქართული ოცნების“ მხრიდან აზრიან წინადადებებს ელოდებიან.

„დღეს გვქონდა კიდევ ერთი ძალიან გულახდილი და კარგი დისკუსია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და შექმნილი ვითარება არის მარტივი- ოპოზიცია პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ცდილობს, მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ხელისუფლებამ შეიყვანა გაყალბებული არჩევნებით. ასეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და ჩვენ დღეს დეტალურად ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და საითკენ შეიძლება წავიდეს პროცესები კრიზისის განსამუხტად. ამიტომ, ბურთი და პასუხისმგებლომა არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მხარეს და ველოდებით, საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე. ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, ჩვენი პარტნიორებიც ფიქრობენ, „ქართული ოცნებაც“ დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნაზე იმ კრიზისიდან, რომელშიც თავად შეიყვანეს ქვეყანა. ჯერ ჯერობით ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზეა, ისევ ოპოზიციის შეთავაზებაა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების შესახებ.

არაფერი განსხვავებული და არაფერი ახალი ჩვენ „ქართული ოცნებიდან“ არ მოგვისმენია. ველოდებით „ქართული ოცნების“ აზრიან წინადადებას და მზად ვართ, განვიხილოთ ის. ველოდებით აზრიანს, რომლიც გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან და არა რაღაც იმდაგვარი, რიმლითაც გვეტყვიან, რომ პარლამენტში თურმე ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიჩერებენ. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით საუბრის დეტალებს ელჩებთან. ეს არასწორი იქნება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენი მეგობრების როლი არ არის ჩვენ მაგივრად გამოსავლის მოძებნა. მათ შეუძლიათ იყვნენ შუამავლები, დაგვეხმარონ მომალაპარაკებებში. მათი მონაწილეობა არის უმნიშვნელოვანესი, რათა პოლიტიკური პროცესი შედგეს და მხარეებმა ისაუბრონ, მაგრამ გამოსავალი უნდა მოძებნონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, ქართულმა ოპოზიციამ და საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.