დავით ბაქრაძე - ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს აშშ-ის უპირობო და ყოველმხრივი მხარდაჭერა აქვს
დავით ბაქრაძე - ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს აშშ-ის უპირობო და ყოველმხრივი მხარდაჭერა აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართევლოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ბაქრაძის თქმით, დოკუმენტმა, შესაძლოა, ცვლილებები განიცადოს, თუმცა პროექტი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მკაფიოდ ესმით, რა გამოწვევები არსებობს რეგიონში.

ამასთან, ბაქრაძის განცხადებით, ნათელია, რომ ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპირობო და ყოველმხრივი მხარდაჭერა აქვს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პირველ რიგში ამ დოკუმენტმა გაიარა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, მიიღო მხარდაჭერა, რის შემდეგაც, რასაკვირველია, ჯერ უნდა გაიაროს დოკუმენტმა ორივე პალატა, რათა გადაეცეს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, ამის შემდეგ მიიღებს კანონის სახეს. რასაკვირველია, ჯერჯერობით დოკუმენტი საბოლოო ფორმით არ არის ცნობილი, რადგანაც შეიძლება, განიცადოს ცვლილებები, თუმცა პროექტი, რაც დღეს უკვე ხელმისაწვდომია აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მკაფიოდ ესმით იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც აქვს რეგიონს. ის რომ ამ გამოწვევების ფონზე ამერიკა მზად არის, დაეხმაროს ამ გამოწვევების წინა პლანზე მდგომ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. ის, რომ ნებისმიერი მსგავსი კანონმდებლობის მიღებისას, საქართველო დგას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილზე, როგორც სახელმწიფორომელსაც აქვს ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო და ყოველმხრივი მხარდაჭერა ოკუპაციასთან დაკავშირებით. პირველად სიტყვა ოკუპაცია 2017 წელს გაჟღერდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. არა 2009 წელს, 2010 წელს ან 2011 წელს. ასე რომ, ჩვენ  ამ საკითხის აქტუალიზაციას, რასაკვირველია, ვგრძნობთ, რომ დღეს არ არის დოკუმენტი, რომელიც შეეხება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, გამოწვევებს და სადაც საქართველოს არ უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ამ გამოწვევების წინა პლანზე მდგომ სახელმწიფოს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან და გაძლიერებულ დინამიკას, რაც გულისხმობს მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“ ,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები ე.წ. „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც.