დავით ბაქრაძე - მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კრიზისიდან გამოსვლაზე საუბარი დავიწყოთ
დავით ბაქრაძე - მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კრიზისიდან გამოსვლაზე საუბარი დავიწყოთ

მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოყვანაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, ამ თვალსაზრისით, არჩევანი „ქართული ოცნების“ მხარეს არის.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არსებობს მოვლენების განვითარების ორი სცენარი. პირველი, რომელიც უნდა „ქართული ოცნების“ ერთ რადიკალურ ჯგუფს, რაც ნიშნავს ამ ქვეყანაში მეტ დაპირისპირებას, მეტ აგრესიას, რაც ნიშნავს დღევანდელი კრიზისის, უფსკრულის გაღრმავებას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის გზა, რომელიც დაღუპვამდე მიიყვანს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დააზიანებს ქართულ სახელმწიფოსაც. ამიტომ, თუ „ქართული ოცნების“ რადიკალური ჯგუფი მზად არის, საკუთარ სკამებს და საკუთარი ძალაუფლების ხიდს გადააყოლოს ქართული სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების მომავალი, ეს იქნება მათი არჩევანი, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ამ ჯგუფს და „ქართულ ოცნებას“ დაასრულებს. მეორე გზა გახლავთ დიალოგის გზა, გზა იმისკენ, რომ ჩვენ მოვძებნოთ საერთო წერტილები და მოვძებნოთ ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი.

ეს მშვიდობიანი გზა გადის ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ახალ არჩევნებსა და ვითარების დამშვიდებაზე. ეს არის გზა, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენი ამოცანა არ არის კონფრონტაცია, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა. მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოყვანაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და ნორმალურ მომავალს. „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება, თვითონ ჩავარდეს უფსკრულში და გადაიყოლოს ქვეყანა, გარწმუნებთ, არც ჩვენ, არც ოპოზიცია, არც საზოგადოება, არც საერთაშორისო პარტნიორები არ მივცემთ საშუალებას, ამ უფსკრულში ჩაითრიონ ქვეყანა და ხალხი. ამიტომ, არჩევანი არის „ქართული ოცნების მხარეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.