დავით ბაქრაძე - მთავრობას, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება
დავით ბაქრაძე - მთავრობას, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება

დღევანდელი მთავრობა თვითკმაყოფილებითაა დაკავებული და უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობა აცდენილია იმ რთულ რეალობას, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს.

„დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობა, რომელიც მთლიანად თვითკმაყოფილებით და მათ წარმატებებზე საუბრითაა დაკავებული. მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, პასუხი ვერ გასცა. მთავრობას, რომელიც გვიმტკიცებს, რომ გაზის და ელექტროენერგიის გაძვირება, ფასების ზრდა, პენსიის არ გაზრდა, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს და ამ ადამიანებს, მოსახლეობას, ვისაც ეს აწუხებს, არანაირი დახმარება არ სჭირდება.

ასეთ პირობებში ბუნებრივია, ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ჩვენი შეფასებით, მთავრობა აცდენილია იმ რთულ რეალობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. მთავრობა განსაკუთრებით გაჭირვებაში მყოფი ჯგუფების პენსიონირების, შშმ პირების და დევნილების დასახმარებლად არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. მთავრობა არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს მცირე ბიზნესის დასახმარებლად და გადასახადების შესამცირებლად, ასევე ტარიფების, იპოთეკური პროცენტების და იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს. მთავრობას, რომელსაც ასეთი ხედვა გააჩნია და რომელიც დღეს სრული სერიოზულობით გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და არაფრის გამოსწორება არ არის საჭირო, რა თქმა უნდა, მას უმცირესობის მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ბაქრაძემ.