დავით ბაქრაძე - მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს, არჩევნებმა ხალხისთვის ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოიტანოს
დავით ბაქრაძე - მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს, არჩევნებმა ხალხისთვის ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოიტანოს

ჩვენთვის 31 ოქტომბერი არის გარდამტეხი ცვლილებების დღე. ჩვენი მიდგომაა, მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს, არჩევნებმა ფუნდამენტური ცვლილებები ხალხისთვის უნდა მოიტანოს და ქვეყანა წინ წავიდეს, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველოს“წევრის, გიგი უგულავას მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

საუბარია ვიდეომიმართვაზე, სადაც უგულავამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ზურგში დანა ჩაარტყა ოპოზიციის ერთობას მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, მას მეტი მიზანი და იდეა არ აქვს.

ბაქრაძის თქმით, ნებისმიერი ბრძოლა პირადი ძალაუფლებისთვის და ნებისმიერი ტაქტიკა, რომელიც ქვეყანას პოლიტიკურ ძალაუფლებას მოუტანს, მიუღებელია.

„ჩვენთვის 31 ოქტომბერი არის გარდამტეხი ცვლილებების დღე. ეს არჩევნები უნდა იყოს შესაძლებლობა, უკეთესობა მოუტანოს ქვეყანაში მცხოვრებ ოთხ მილიონ ადამიანს და არა ტრადიციულად, რამდენიმე პოლიტიკოსმა იბრძოლოს საკუთარი გავლენის, თანამდებობისა და პოზიციისთვის. ჩვენი მიდგომაა, მოჯადოებული წრე გაირღვეს, არჩევნებმა ფუნდამენტური ცვლილებები ხალხისთვის უნდა მოიტანოს და ქვეყანა წინ წავიდეს. ეს არჩევნები აღარ უნდა იყოს ტრადიციულ, ორპოლუსიან დაპირისპირებაში, როცა ადამიანებს ეზღუდებათ თავისუფალი არჩევანი და ბევრი ადამიანი არჩევნებზე აღარ მიდის, რადგან უკეთესი მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს.

ნებისმიერი ორპულუსიანობა, ნებისმიერი ბრძოლა პირადი ძალაუფლებისთვის და ნებისმიერი ტაქტიკა, რომელიც ქვეყანას მოუტანს პოლიტიკურ ძალაუფლებას, მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, გარდამტეხი ცვლილებები. ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, უნდა მოშორდეს „ქართული ოცნება“, რომელიც ანგრევს აწმყოს, მაგრამ ამავე დროს, ქვეყანა არ უნდა დაბრუნდეს არც უკან, 2012 წელს. ყველა ერთად 2021 წელს უნდა გადავიდეთ, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დატოვე კომენტარი