დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა
დავით ბაქრაძე - მნიშვნელოვანია, რომ გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა

საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებად აფასებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერის ვიზიტი შტატებში სწორედ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში შედგა. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს მაიკ პომპეო წარმოადგენს, საქართველოს მხრიდან კი დელეგაციას პრემიერ-მინისტრი წარუძღვება.

ბაქრაძის თქმით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე მხარეები იმსჯელებენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე.

„ჩვენ განვიხილავთ ორმხრივ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. იგეგმება შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვიზიტის ფარგლებში გვექნება დისკუსია იმ ყველა მიმართულებით, რომელიც საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის სტრატეგიულ ხასიათს განაპირობებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ რასაკვირველია ნატო-ს სამიტის მოლოდინში ვართ და საუბარი აუცილებლად შეეხება ჩვენს შემდეგომ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში და ასევე განვიხილავთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ ვითარებას და ამერიკის მხარდაჭერად დეოკუპაციისა და ასევე არაღიარების პოლიტიკაში“,- განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ.

აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული პარტნიორობს კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.