დავით ბაქრაძე - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც მას ქვა მისცა, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა
დავით ბაქრაძე - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც მას ქვა მისცა, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა დღეს საქართველოში. ამ ტრაგედიაში და ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც ამ მოძალადეს ქვა მისცა ხელში, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა. ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავე არიან არა მხოლოდ ის ნაძირლები, ვინც ქრისტიანობის და ქართული ტრადიციების სახელით ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგოს ცემას აპირებდა, რომელსაც ლექსო გადაეფარა, არამედ ყველა ის პოლიტიკური, თუ სასულიერო ლიდერიც, ვინც ეს მოძალადეები არ დასაჯა, წააქეზა და დაარწმუნა, რომ ძალადობით სწორ და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ. რა არის იმაზე დიდი ქართული ტრადიცია, ვიდრე მამაკაცის მხრიდან მის გვერდით მყოფი ქალის დაცვაა? რა არის იმაზე მაღალი ქრისტიანული ღირებულება, ვიდრე სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვაა? სწორედ ლექსო ლაშქარავაა მაგალითი ქართველობის, ქართული ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების დაცვის და არა ის მოძალადე ორკები და მათი წამქეზებლები, ვინც ამ ღირებულებების სახელით უდიდესი ბოროტება ჩაიდინა და კაც ჰკლა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ქმედებები უმძიმესი სანახავი და მოსასმენია.

„სრულიად ნათელია, რომ გარდაცვალების მიზეზების ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ ფორმით შევარდნა დაღუპული ადამიანის ოჯახში, ასე მოქცევა ჭირისუფლებთან და რაც მთავარია, ფაქტობრივად უკვე „ზედოზირებაზე“ღიად საუბარი არის არა მხოლოდ დაღუპული ლექსო ლაშქარავას და მისი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა, ღია მცდელობა, აარიდოს ხელისუფლებას ამ ტრაგედიით გამოწვეული პასუხისმგებლობა.

ამ ყველაფერს აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. სრულად ვიზიარებ და ვუერთდები საზოგადოების მოთხოვნას პრემიერისა და მთავრობის დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის გამო ფიზიკურად ვერ ვუერთდები დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მიმაჩნია, რომ ამ აქციაზე აუცილებლად უნდა მივიდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს, საქართველოში ქუჩაში აღარ ქოლავდნენ ადამიანებს განსხვავებული აზრის ან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების ან განსხვავებების დაფიქსირების აქცია, საფრთხის წინაშე დგას პოლიტიკაზე ბევრად მაღალი ღირებულება – ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის, აზროვნების, სინდისის თავისუფლება, საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენი საზოგადოების ნორმალური განვითარების პერსპექტივა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს უღრმეს გულისტკივილს და სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ნათესავებს, კოლეგებს და ახლობლებს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.