დავით ბაქრაძე - ლარის კურსის შესახებ განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მთლიანად ჩამოშორდა რეალობას
დავით ბაქრაძე - ლარის კურსის შესახებ განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მთლიანად ჩამოშორდა რეალობას

ლარის კურსის შესახებ დღეს გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მთლიანად ჩამოშორდა რეალობას, – ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ლარის კურსთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ქართული ვალუტის გაუფასურება უზარმაზარი პრობლემაა და შესაძლოა, უახლოეს დღეებში პურიც გაძვირდეს.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მთავრობას მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად რეალური ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია.

„ამ დღეების განმავლობაში, ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია კომენტარი, როგორ და რის გაკეთებას აპირებს, დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ზარალდება ლარის კურსის გაუფასურების გამო. დღეს მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი, რომელიც ცდილობს, ხალხს აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა არის კარგი და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაუფასურდებოდა თურქული ლირა და არ გაუფასურდებოდა ქართული ლარი, ეს იქნებოდა ცუდი და ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება არის დამცავი ბალიში ქართული ეკონომიკისთვის.

ლარის კურსის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას გაეზარდა კომუნალური გადასახადი, ბანკის გადასახადი, ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და უახლოეს პერიოდში, შეიძლება პურიც გაძვირდეს. არასტაბილურობა არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი ზიანის მომტანია ბიზნესისთვის, რადგან არ არსებობს არანაირი პროგნოზი და ბიზნესს უჭირს ხვალინდელი დღის დაგეგმვა.

ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.