დავით ბაქრაძე - კონსულტაციებზე გამოჩნდება, ვინ რა დაიჯერა და რა პოზიციაზეა, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ცალსახად ახალი არჩევნები
დავით ბაქრაძე - კონსულტაციებზე გამოჩნდება, ვინ რა დაიჯერა და რა პოზიციაზეა, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ცალსახად ახალი არჩევნები

დარღვევებს ეთანხმება როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ისე ყველა ჩვენი პარტნიორი. ამიტომ დარღვევებთან და ამ დარღვევების სიმძიემსთან დაკავშირებით პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე- რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა, პარტნიორებთან კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, როგორც ბაქრაძე ამბობს, საბოლოო ჯამში, ეს ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტია.

„ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ისე ყველა ჩვენი პარტნიორი. ამიტომ დარღვევებთან და ამ დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. რაც შეეხება იმას, ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ თუ არა და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევებისგან, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები. ამ თემაზე კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ და საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტი, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთნ, ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის ამოცანა არა ქუჩაში გასვლა, არამედ სტაბილურობაა, მაგრამ არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ეს შეუძლებელი გახადა. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ როდესაც არჩევნების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, ასეთ დროს გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ ჩვენი შეფასებით, იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლებიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, როდესაც მთავრობას არა აქვს ნდობის მანდატი, როცა არჩევნების სანდოობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ნებისმიერ დემოკრატიაში არის ერთი გამოსავალი- ახალი არჩევნების ჩატარება, აი, ამას ვსაუბრობთ ჩვენ და სწორედ ახალ არჩევნებზე გადის სტაბილურობისკენ გზა“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „იყო თუ არა შეხვედრაზე მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით“, ბაქრაძე პასუხობს, რომ პროცესი გაგრძელდება, მათ შორის ამერიკის ელჩის მოდერაციით და მათი ამოცანა კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნა იქნება.

„ფილიპ რიკერის სახელით ვერ გეტყვით, დავარწმუნეთ თუ ვერ დავარწმუნეთ, იმედი მაქვს, დავარწმუნეთ. ვიმეორებ, იმ ნაწილში, რომ ძალიან მძიმე დარღვევები იყო, დარწმუნება არც დაგჭირვებია, სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც, მათ შორის იგივე სასამართლოს და სხვა პრობლემებთან, მის მაგივრად ვერ გავაკეთებ განმარტებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროცესი გაგრძელდება, მათ შორის ამერიკის ელჩის მოდერაციით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი გაგრძელდება და ჩვენი ამოცანა იქნება, მოიძებნოს ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი, მაგრამ მშვიდობიანი გამოსავალი ვერ იქნება გაყალბების ლეგიტიმაციის ხარჯზე. ამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური არჩევნები და სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა, თუნდაც „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, ხალხის ნდობით, ნორმალური არჩევნებით უნდა მოვიდეს და არა გაყალბებით. ამიტომ, კონსულტაციებსაც და მოლაპარაკებებსაც გავაგრძელებთ. ამ კონსუტლაციებზე გამოჩნდება, ვინ რა დაიჯერა და ვინ რა პოზიციაზეა. მაგრამ ვიმეორებ, ამოსავალი წერტილი ჩვენი გახლავთ, რომ სიმშვიდე და წინსვლა ვერ მიიღწევა გაყალბების ლეგიტიმაციით, არამედ მიღწევის გზა გადის მხოლოდ ახალ არჩევნებზე.

საუბარი იყო, რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს შექმნილი ვითარებიდან და რა თქმა უნდა, ყველას აწუხებს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს აწუხებთ შექმნილი კრიზისი და კარგად აცნობიერებენ რამხელა კრიზისში შევიდა ქვეყანა ამ არჩევნების შედეგად, ამიტომ იყო საუბარი გამოსავალზე. ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან გამოსავალი არის ცალსახად ახალი არჩევნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.