დავით ბაქრაძე - კონსულტაციების ძირითადი თემა იყო, რამდენად აღსრულებადია სანქციები, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ
დავით ბაქრაძე - კონსულტაციების ძირითადი თემა იყო, რამდენად აღსრულებადია სანქციები, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ

„ევროპული საქართველოს“ წევრ დავით ბაქრაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე მისაღებ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ერთი მიზანი აქვთ, შეიქმნას საერთო დოკუმენტი, რომელშიც ორივე მხარის ხედვები იქნება გაწერილი.

მისი თქმით, მთავარი საკითხი სადამსჯელო მექანიზმებია, რომლებიც ყველა იმ ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაშია დამნაშავე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირებისთვის სანქციები ძალიან მკაცრი უნდა იყოს, საპარლამენტო უმცირესობისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციებზე ასევე იმსჯელეს, რამდენად ექნება საქართველოს ხელისუფლებას საშუალება, სისრულეში მოიყვანოს სანქციები, რომლებიც მხარეების თანხმობის შემთხვევაში, რეზოლუციის ტექსტში გაიწერება.

„დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, ჩადებულია საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალიან მკაცრი სანქციები, ამიტომ ძირითადი თემა ჩვენი კონსულტაციებისა იყო, რამდენად აღსრულებადია ეს სანქციები, რამდენად ექნება საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ სახელმწიფოს იმის საშუალება, სანქციები შეასრულოს და რამდენად შეეხება ეს სანქციები იმ ადამიანებს, ვისაც უნდა შეეხოს, ანუ ვინც ბრალდებულია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და მოტაცებაში.

ძალიან ბევრი პრაქტიკული საკითხია და დღევანდელ შეხვედრაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული საუბარი, რა ტიპის, როგორი და რა შინაარსის სანქციები უნდა იყოს, როდის უნდა ამოქმედდეს და, ბუნებრივია, ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესში პასუხისმგებლობა აქვს უმრავლესობასაც და ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ მექანიზმი, რომელიც მართლა იმუშავებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.