დავით ბაქრაძე - კონგრესმენების წერილი არის გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით მიდის
დავით ბაქრაძე - კონგრესმენების წერილი არის გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით მიდის

ეს არის უმკაცრესი შინაარსის წერილი, რომელიც პრაქტიკულად გახლავთ გაფრთხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომ ქვეყანა მიდის ფუნდამენტურად არასწორი მიმართულებით და ეს არასწორი მიმართულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა.

„წერილში არის ყველა დეტალი, რომელიც არის პრობლემური ამერიკული გადმოსახედიდან, დაწყებული პოლიტიკური დევნით და დასრულებული ანაკლიის პროექტით. წერილში არის უმკაცრესი შეფასებები. მე არ მახსოვს ამერიკიდან ჩვენი პარტნიორებისგან ჩამოსული წერილი, სადაც მაგალითად, ეწერებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში, ეს არის უმძიმესი შეფასება. წერილი არის უმკაცრესი და ამ წერილიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ან უახლოეს მომავალში გაიაზრებს რამხელა პოლიტიკური კრიზისის და კრიტიკის წინაშე დადგა ის და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, ან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ უფსკრულში ძალიან სწრაფად დაამთავრებს არსებობას. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საქართველო არ ჩავაყოლოთ „ოცნებას“ იმ პოლიტიკურ უფსკრულში, საითკენაც ის სწრაფად მიდის“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, წერილზე ხელისმომწერი კონგრესმენები არ არიან შემთხვევითი ადამიანები და მათ დეტალებში იციან საქართველოში არსებული ვითარება. ბაქრაძის თქმით, მათი კრიტიკა და გაფრთხილება არის ათმაგად ნიშანდობლივი და უფრო საყურადღებო.

„ეს წერილი არ ტოვებს არანაირ კითხვის ნიშანს არც იმასთან დაკავშირებით, რომ წერილზე ხელისმომწერმა ადამიანებმა დეტალებში იციან საქართველოში არსებული ვითარება და ყველა პრობლემა. არ ტოვებს არც იმის კითხვის ნიშანს, თუ ვინ არიან მასზე ხელის მომწერები. ამ წერილს ოთხიდან სამი კონგრესმენი აწერს ხელს, რომელიც არის საქართველოს მთავარი პარტნიორი და მოკავშირე კონგრესში, ერთი გახლავთ ენგელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ორი – კინზინგერი და კონოლი არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეები. ანუ ესენი არ არიან გაუთვითცნობიერებელი ან შემთხვევითი ადამიანები. ეს არის წერილი იმ ხალხის, ვინც ჩართულია საქართველოს თემაში, ვინც მიჰყვება საქართველოს საკითხებს და ვინც არის საქართველოს მთავარი საკონტაქტო და მხარდამჭერი პირდაპირ კონგრესში. ამიტომ, ასეთი ადამიანებისგან წამოსული კრიტიკა და გაფრთხილება არის ათმაგად უფრო ნიშანდობლივი და უფრო საყურადღებო. თუ „ქართული ოცნება“ ასეთი ადამიანებისგან მომავალ ამ ხარისხის კრიტიკას არ გაითვალისწინებს და უახლოეს მომავალში არ გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს ვითარების გამოსასწორებლად, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ თვითონაც მიექანება უფსკრულში და ამ უფსკრულისკენ მიჰყავს საქართველოც. ჩვენი ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ უახლოეს პირველივე არჩევნებზე პოლიტიკური გზით გადავარჩინოთ ქვეყანა ამ უფსკრულში გადავარდნისგან“,- აცხადებს დავით ბაქრაძე.