დავით ბაქრაძე - გადაწყვეტილების გამოტანა რთულია, როცა საქმის ერთ მხარეს რუსეთია, მაგრამ საქართველოსთვის პოლიტიკური კონტექსტი ხელსაყრელია
დავით ბაქრაძე - გადაწყვეტილების გამოტანა რთულია, როცა საქმის ერთ მხარეს რუსეთია, მაგრამ საქართველოსთვის პოლიტიკური კონტექსტი ხელსაყრელია

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოსთვის დღეს შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი ხელსაყრელია, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის აგრესიული ქცევა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მის სამეზობლოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში.

პირველ არხთან საუბარში დავით ბაქრაძე საქართველო-რუსეთის ომის თაობაზე სტრასბურგში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტები სახეზეა და ისტორიული სიმართლე საქართველოს მხარესაა.

„ამ დავაში საქართველო მთლიანად მართალია, რადგან საქართველო ცალსახად რუსული აგრესიის მსხვერპლია. ჩვენთვის კონტექსტი აბსოლუტურად ხელსაყრელია, რადგან ფაქტები სახეზეა და ისტორიული სიმართლე საქართველოს მხარესაა. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იქნება და ისტორიული სიმართლე დადასტურდება. გადაწყვეტილების გამოტანა ყოველთვის რთულია, როცა საქმის ერთ მხარეს რუსეთია, რადგან ის დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროპისთვის, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოსთვის, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტი ძალიან ხელსაყრელია და როგორც არასდროს, საერთაშორისო პოზიცია ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ რუსეთი აგრესორია და ევროპას რუსეთის მოქმედებები საფრთხეს უქმნის. როგორც არასოდეს, საერთაშორისო კონტექსტი ნათელია, რომ რუსეთის ამ მოქმედებებს შესაძლოა შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ თუ ოდესმე ყოფილა იმის შანსი, რომ გადაწყვეტილება სამართლიანობით იყოს გამოტანილი, დღეს ამის შანსი არსებობს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატის მოსაზრებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ომის დაწყების თაობაზე საქართველოს ბრალეულობაზე გაკეთებული განცხადებებია.

„იმედი მაქვს, ეს განცხადებები იმ ფაქტებს ვერ გადაწონის, რომელიც სასწორის მეორე მხარესაა. ისტორიული სიმართლის, ფაქტებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით შესაბამისი გარემოა იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, – დასძინა ბაქრაძემ.