დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ სამოქმედო სტრატეგიაში ადგილი არ ექნება ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას
დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველოს“ სამოქმედო სტრატეგიაში ადგილი არ ექნება ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას

პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტიის შეფასება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

„როგორც გუშინ განვაცხადეთ, „ევროპული საქართველო“ არჩევნების შეფასებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც პარტია ჩამოყალიბდება ამის თაობაზე. მინდა, ვაცნობო მხარდამჭერებსა და საზოგადოებას, რომ ხვალ გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე პარტია ჩამოყალიბდება არჩევნების საბოლოო შეფასებაზე და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით, ძალაშია. განვლილი ღამის განმავლობაში იყო ბევრი დარღვევა, რაც ამკაცრებს აზრს, რომ არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე. ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ სამოქმედო სტრატეგიაზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ ექნება ადგილი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას.

„არ იქნება ისეთი მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის ან ჯარის დაუმორჩილებლობას, მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.