დავით ბაქრაძე - დოკუმენტში ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გირაოს გადახდის წინააღმდეგი იქნება
დავით ბაქრაძე - დოკუმენტში ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გირაოს გადახდის წინააღმდეგი იქნება

დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე, ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წინააღმდეგი იქნება გირაოს გადახდის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში არის მექანიზმები, რომელსაც აღსრულება სჭირდება.

„დღეს, პარლამენტში მოსვლით დავადასტურე ჩემი პატივისცემა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ მიშელის მიმართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც ტარდება პირადად პრეზიდენტ მიშელის მოწვევით, ამიტომ ჩვენი მასპინძელი ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში გახლავთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და არა საქართველოს პარლამენტი, ამიტომ აქ მოსვლით მე ცალსახად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პრეზიდენტ მიშელის მიმართ, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში გუშინდელი შეთანხმების მიღწევაში. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში სრულფასოვან დაბრუნებას, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება და სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში არის ყველა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ ის მზად არის, შეიწყალოს გიორგი რურუა. მოვუწოდებ მას, აღარ გადადოს და დღეს ან ხვალ, უახლოეს დღეებში გააკეთოს. ასევე, ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წინააღმდეგი იქნება გირაოს გადახდის. ამიტომ, დოკუმენტში არის მექანიზმები, დოკუმენტს სჭირდება აღსრულება. ვიმეორებ – იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს მუშაობის გაგრძელება, ჩემი პრინციპული პოზიციაა – მე პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და გვექნება კონკრეტული შედეგები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ეს გახსნის გზას სხვა საკითხებზე, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაოდ“, – განაცხადა ბაქრაძემ.