დავით ბაქრაძე - ჟურნალისტების მოთხოვნების მიმართ აბსოლუტურად სოლიდარული უნდა ვიყოთ
დავით ბაქრაძე - ჟურნალისტების მოთხოვნების მიმართ აბსოლუტურად სოლიდარული უნდა ვიყოთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, მან ვერ შეძლო ძალადობის პრევენცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე ამბობს, რომ ჟურნალისტების მოთხოვნების მიმართ სოლიდარული უნდა იყვნენ. დავით ბაქრაძის თქმით, მინისტრის ნებისმიერ განცხადებაზე პასუხია, რომ ის თანამდებობიდან გადადგეს.

„შსს-მ ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეასრულა საკუთარი მოვალეობა. მან ვერ შეძლო ძალადობის პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა წინასწარ იყო დაანონსებული. მან ვერ მოახერხა ძალადობის აღკვეთა ადგილზე, მაშინ, როცა ყველამ ვიცოდით, რომ ამ ძალადობის ეპიცენტრი იქნებოდა რუსთაველზე პარლამენტის წინ. მან ასევე ვერ მოახერხა რეალური დამნაშავეების დაკავება და დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ეთერებიდან, ღია სივრციდან ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ დანაშაულის უკან. ამიტომ, შსს-მ ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია.

სრულიად ცალკე აღნიშვნის ღირსია, როგორ იქცევა სამინისტრო ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, როდესაც საქმის გამოძიების ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ გარდაცვლილი ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. ამიტომ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სოლიდარული უნდა ვიყოთ ჟურნალისტების მოთხოვნების მიმართ და მინისტრის ნებისმიერ განცხადებაზე, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის გადადგომა შს მინისტრის, პრემიერ-მინისტრის და უკვე შემოდგომაზე მთლიანად, „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.