დავით ბაქრაძე - დიმიტრი მედვედევის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატო-სკენ სვლა 
დავით ბაქრაძე - დიმიტრი მედვედევის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატო-სკენ სვლა 

დიმიტრი მედვედევის განცხადებით რუსეთი ცდილობს, დამატებითი დაბნეულობა შეიტანოს ნატოელ მოკავშირეებში და აჩვენოს მათ, რომ საქართველოს გაწევრიანებას შეიძლება მოჰყვეს დამატებითი სირთულეები, მაგრამ ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატო-სკენ სვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ნატო-ში გაწევრიანება არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველოს შეუძლია თავიდან აირიდოს რუსეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

„ზუსტად ეს გზა გაიარა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ზუსტად ეს გზა გაიარა აღმოსავლეთ ევროპამ. დღეს ბალტიისპირეთიც, ევროპაც დაცული და უსაფრთხოა, სწორედ ეს არის საქართველოს მომავალი. ვიდრე ჩვენ არ შევალთ ნატო-ში, მუდმივად იქნება ასეთი ტიპის შანტაჟი, ზეწოლა და მუქარა რუსეთის მხრიდან. ჩვენი გზა არის სრულიად ნათელი, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ნატო-სკენ. იქ არის ჩვენი უსაფრთხოება, დაცულობა და ასეთი ტიპის განცხადებებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. უნდა ვიყოთ მშვიდი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ ძალიან განსაზღვრული და მიზანმიმართული”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება. „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ შესაძლოა, საშინელი კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს. გაუგებარია, რა საჭიროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მედვედევმა რადიო „კომერსანტ FM“-თან ინტერვიუში.