დავით ბაქრაძე - დღეს თავად ნიკა მელიას სურვილით ხდება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ამიტომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, კენჭისყრაში დრამატულ პრობლემას ვერ ვხედავ
დავით ბაქრაძე - დღეს თავად ნიკა მელიას სურვილით ხდება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ამიტომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, კენჭისყრაში დრამატულ პრობლემას ვერ ვხედავ

პარლამენტის წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს თავად ნიკა მელიას სურვილის საფუძველზე ხდება მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა და წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დღევანდელ კენჭისყრაში დრამატულ პრობლემას ვერ ხედავს.

„ჩვენ გვახსოვს სრულიად სამარცხვინო პროცესი, როდესაც პარლამენტმა ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ მისცა საშუალება ნიკა მელიას, გაესაჩივრებინა უკანონო განაჩენი, ისე შეუწყვიტა უფლებამოსილება. ის იყო ნამდვილად სამარცხვინო გადაწყვეტილება. დღეს ვითარება განსხვავებულია. დღეს თავად ნიკა მელიას განცხადების და სურვილის საფუძველზე ხდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტა, ამიტომ განსხვავებით წინა შემთხვევისგან, სადაც კენჭისყრა მართლაც სამარცხვინო და მიუღებელი იყო, დღევანდელ კენჭისყრაში ასეთ დრამატულ პრობლემას არ და ვერ ვხედავ. ეს პრინციპული საკითხი არ არის, რადგან თავად მელია ითხოვს. რა პოზიციას დაიჭერს მისი ფრაქცია, იმის მიხედვით გვექნება ჩვენც პოზიცია“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება.

ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს თავად მიმართა.

დატოვე კომენტარი